მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორებმა იციან, ხელისუფლებასთან დალაგების გარეშე აქ სერიოზულს ვერაფერს გააკეთებენ"- ბერიკაშვილი

64aa91f615af1
ლიკა მეგუთნიშვილი
09.07.23 16:30
736
„უცხოელმა ინვესტორმა, რომელსაც საქართველოში ინვესტირება სურს, კარგად იცის, რომ არ მოდის ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები არსებობს და სასამართლო მის უფლებებს დაიცავს“ - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა ისაუბრა.

ბერიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს, ქვეყანაში არსებული კორუფციული სისტემაა.

მისივე თქმით, საქართველოში შემოსულმა ინვესტორებმა კარგად იციან, რომ აქ ბიზნესის დაწყების მთავარი წინაპირობა ხელისუფლებასთან სიახლოვეა.

„ინვესტორმა იცის, რომ აქ კორუფციაა, ვიღაცასთან უნდა დაალაგოს და ხელისუფლების ჩართულობის გარეშე სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს. ეს ინვესტორები დიდ რისკს წევენ, შეიძლება ხელისუფლებასთან დაალაგონ, თუმცა თუ ეს ხელისუფლება ერთ დღეს რაღაცაზე გაუბრაზდება, ის ვერ დაიცავს თავის სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში იოლად ვერ დაიცავს, შეიძლება არბიტრაჟი დასჭირდეს და ა.შ. ამიტომ, ინვესტორს სჭირდება, რომ მოკლევადიან პერიოდში დიდი სარგებელი ნახოს, რადგან რისკიან ქვეყანაში შედის რისკიან ბიზნესში. ეს არის დიდი პრობლემა. რასაც ვხედავთ, თუ როგორი ინვესტორები შემოდიან ამ ქვეყანაში ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. უფრო მეტად ავანტიურისტები შემოვლენ და ეს საბოლოო ჯამში ცხადია, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

სოსო ბერიკაშვილის თქმით, ქვეყანაში მცირე მოცულობის ინვესტიციები ასე თუ ისე ხორციელდება, რასაც ხელისუფლება დიდად არ აკონტროლებს. ზემოთჩამოთვლილი პრობლემები კი, ძირითადად მსხვილ ინვესტიციებზე აისახება.

„ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა, ან ხელისუფლებასთან უნდა იყო დაახლოებული ან მასთან დაახლოებულ პირთან უნდა გქონდეს კავშირი. ეს არ არის განვითარებისთვის სწორი ფორმულა. აქ რასაკვირველია დიდ ინვესტიციებს და დიდ ბიზნესს ვგულისხმობ, პატარა ინვესტიციები ინერციით თუ რაღაც კავშირებით მაინც შემოდის და ყველაფერს ხელისუფლება არ ან ვერ აკონტროლებს.

ბიზნესმენს საერთოდ არ აინტერესებს, მაგალითად ხედვა 2030-ში რა წერია, მას აინტერესებს ქვეყანაში როდესაც შედის იქ რა ხვდება, რამდენ მოგებას მიიღებს და რა რისკის გაწევა მოუწევს. ვიღაცები შემოდიან, კი, მაგრამ რის ფასად და ვის ხარჯზე?“, - განმარტავს ეკონომისტი.

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია მანკიერი წრეა, რომლის გარღვევაც მხოლოდ მენტალური ცვლილებებით არის შესაძლებელი.

„კორუფციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ კორუფციულ გარიგებებში ვინც მონაწილეობს, ორივე მხარე არის კმაყოფილი, ორივე მხარისთვის პირობები ხელსაყრელია. ამიტომ არის ამ წრის გარღვევა რთული. პრობლემის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია, ყველაფრის ცვლილება. ხელისუფლებამ, ბიზნესმა და ხალხმა სხვანაირად უნდა აღიქვას ეს პროცესები, მენტალური ცვლილებებია არის საჭირო. ეს კი, ძალიან რთულია“, - განაცხადა ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში $496 მილიონის FDI შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80 მილიონი დოლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები