მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომისტი სტენლი ფიშერი გარდაიცვალა — ვინ იყო ის?

სტენლი ფიშერი

ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის ფედერალური რეზერვის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე, სტენლი ფიშერი 81 წლისა, ალცჰაიმერის დაავადების გართულების ფონზე გარდაიცვალა. ორი სახელმწიფოს ცენტრალურ ბანკში მუშაობის გარდა, ფიშერმა კარიერის დიდი ნაწილი IMF-ში, მსოფლიო ბანკში და Citigroup-ში გაატარა.

ამასთან, სტენლი ფიშერი MIT-ის პროფესორიც იყო და წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი ეკონომისტი აღზარდა, მათ შორის FED-ის თავმჯდომარე ბენ ბერნანკე, ECB-ის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი, აშშ-ის ხაზინადარი, ლორენს სამერსი და ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორი, გრეგ მანკიუ.

სტენლი ფიშერის ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი მაკროეკონომიკას უკავშირდება, ანუ ქვეყნების ეკონომიკური სტრუქტურების გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას. ამ მიმართულებით, გამოსარჩევია სამუშაო, რომელიც ფიშერმა 1980-იან წლებში, ისრაელში შეასრულა.

იმ დროს, ისრაელის ეკონომიკა ფაქტობრივად არ იზრდებოდა, ქვეყანაში სამნიშნა ინფლაცია იყო, ხოლო სახელმწიფო სავალუტო რეზერვები ნელ-ნელა იწურებოდა. 1985 წელს ფიშერმა და სხვა ეკონომისტებმა ეკონომიკური სტაბილიზაციის პროექტი წარადგინეს, რომლის შედეგად სახელმწიფო სუბსიდიების დიდი ნაწილი გაუქმდა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ხელოვნურად დასტაბილურდა, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, ხოლო ხელფასებზე და ფასებზე ხელოვნური კონტროლი დაწესდა. ამ ყველაფრის შემდეგ, ისრაელმა აშშ-ისგან $1.5-მილიარდიანი დახმარების პაკეტი მიიღო.

ისრაელის ეკონომიკური სასწაულის შემდეგ, სტენლი ფიშერი საერთაშორისო სავალუტო ფონდში გადაბარგდა, სადაც მეორე პირი გახდა. ფიშერის პირობებში, IMF-ი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ფინანსური კრიზისების მოგვარებაში, მათ შორის მექსიკაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ტაილანდში, ინდონეზიასა და სამხრეთ კორეაში. მოგვიანებით, ამერიკელი სტენლი ფიშერი ისრაელში კიდევ ერთხელ დაბრუნდა, მოქალაქეობა მიიღო და ცენტრალური ბანკის მართვა ჩაიბარა, თანაც 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისის და 2011 წლის გლობალური შენელების დროს.

მოგვიანებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით და ჯანეტ იელენის FED-ის თავმჯდომარეობის სტენლი ფიშერი აშშ-ის ფედერალური რეზერვის ვიცე-თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ თანამდებობას ის 2017 წლამდე იკავებდა, მოგვიანებით კი პენსიაზე გავიდა და მუშაობა მრჩევლად გააგრძელა, მათ შორის აქტივების მმართველ მსოფლიოს უდიდეს კომპანია BlackRock-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები