ელჩები ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მედიატორები ვერ იქნებიან, – ამის შესახებ "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა BMG-ს განუცხადა. მისივე თქმით, ელჩებს არ გააჩნიათ ამის არც რესურსი და არც გამოცდილება, რომ შესაბამისი კამპანია აწარმოონ.
„ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ საელჩოები გამოყენებულიყო სწორედ ამ კომუნიკაციის ინსტრუმენტად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობდით და მთავრობაც დაგვეთანხმა მაშინ, რომ აუცილებელი იქნებოდა ახალი პოზიცია, მაგალითად როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეკონომიკური ატაშე. იმიტომ რომ ეკონომიკური ატაშე ანუ ადამიანი, ფიზიკური პირი, ვისაც აქვს ეკონომიკური გამოცდილება, ხედვა და ვისაც შეუძლია და წარმოუდგენია რა მეთოდებით და ინსტრუმენტებით ჰქონდეს კომუნიკაცია იქაურ ბიზნეს სექტორთან, ეს არის სწორედ ის ქმედითი ჯგუფი, ორგანიზაცია თუ სტრუქტურა, რომელიც შეძლებდა ამის მედიაციას. ახლა ამ შემთხვევაში საელჩოს არამგონია ჰქონდეს მედიაციის საშუალება“, – აღნიშნა ასათაშვილმა.
მისივე თქმით, საელჩოებს მაქსიმუმ რაც შეუძლიათ არის საბიუჯეტო სახსრებით ფორუმების ან პრეზენტაციების გამართვა, – „როგორც წესი, ეს იქნება ფურშეტი, სადაც რამდენიმე პრეზენტაციას გაუშვებენ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ეფექტური. მეორე მხრივ, ეს სულ რომ არ გააკეთონ, არ ნიშნავს იმას რომ რაიმე დაშავდება. სულ არაფერს ჯობია, მაგრამ ეფექტური არ იქნება“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩებს დავალება მისცა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ მწვანე დერეფნის ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.