მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი - არ დავუშვებთ "ნამახვანჰესის" მოვლენები თურქი ინვესტორების განწყობებზე აისახოს

60c5cd52e26e1
BM.GE
14.06.21 10:30
750
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1 ივნისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. Forbes-თან ინტერვიუში თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ადასტურებს, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელ  პირებს შორის შეხვედრის ერთ-ერთი თემა "ნამახვანჰესის" პროექტიც იყო. 

"ეს თურქული ინვესტიციების ნაწილია. რა თქმა უნდა, აღინიშნა, რომ ჩვენ ველოდებით საქართველოში თურქული ინვესტიციების დაცულობას, ისევე როგორც საქართველოს სურს, რომ ქართული ინვესტიციები დაცული იყოს თურქეთში. ეს იყო საუბრის ერთ-ერთ თემა, სხვა საკითხებთან ერთად. მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების დროს ერთი საკითხი ვერ იქნება ფოკუსირებულად განხილვის საგანი", - აცხადებს დიპლომატი.

ელჩის თქმით, არ დაუშვებენ, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები თურქი ინვესტორების განწყობებზე აისახოს. დიპლომატი აღნიშნავს, რომ თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან ქვეყანაში, ესაუბრებიან მთავრობას, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გადაწყდება "ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების ბედი. 

"ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს ზოგადად, ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან.  რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქულ ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, მით უფრო ისინი ამას ვერ მოახერხებენ. მათ ეს ვერ უნდა შეძლონ; მაშინ როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან, ესაუბრებიან საქართველოს მთავრობას, პარტნიორებს... ცხოვრება გრძელდება... თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტი.

ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და ხორციელდება საქართველოს მიერ. კომპანია, რომელიც არის თურქული, დაფუძნებულია საქართველოში, აქაური კანონმდებლობით და ის ასაქმებს უამრავ ქართველს.

ყოველთვის ვახსენებ ყველას, რომ როდესაც 2008 წელს ომი მოხდა საქართველოში, არცერთი თურქი ინვესტორი არ წასულა ქვეყნიდან. რამდენადაც თურქული ბიზნესების უმრავლესობა მდგრადია, ასევე მათ სჯერათ საქართველოს მდგრადობის. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ ახლა თურქ ინვესტორებს შეეშინდებათ. ისინი 1990-იანებში ჩამოვიდნენ საქართველოში და ვინაიდან ისინი აქ მიიღეს, ახლაც აქ არიან და თავს აქაური საზოგადოების წევრებად მიიჩნევენ",  - აცხადებს ელჩი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები