საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის პროცესი სისტემური მიდგომით უნდა განახორციელოს. ასე გამოეხმაურა დიპლომატი ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის შეფასებითაც "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ადამიანის უფლებების შემზღუდველია და მისი მეშვეობით დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევა არ ხდება.
“გუშინწინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საკუთარი დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენც ვემხრობით ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რადგანაც ის ამ საკითხებთან მიმართებით სტანდარტს ადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სისტემურ მიდგომას ამ კანონის მიღების ნაცვლად.
დეოლიგარქიზაცია არის და რჩება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტთა შორის და ის სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის პროგრესს ამ მიმართულებით. ჩვენ არ გვითქვამს როგორ უნდა გაგეკეთებინათ ეს, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი სურვილია მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია და სწორედ ეს საბოლოო შედეგი არის მნიშვნელოვანი. საქართველოს პარლამენტმა იმუშავა ამ კანონპროექტზე, ხოლო უკვე ახლა კი ვიცით, რომ ეს არ იყო სწორი მიდგომა ამ მიზნის მიღწევისთვის. ვენეციის კომისია საუბრობს სისტემურ მიდგომაზე და ჩვენც ვფიქრობთ, რომ სისტემური მიდგომაა სწორი. ეს ნიშნავს, მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმას, ანტიკორუფციული მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს, მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიღებას, რათა ამ ძალისხმევების შედეგად ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი,”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ: ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შემცირებისთვის საუკეთესო თავად ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ქონაა.
"ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიულ გავლენას ეფექტურად ებრძოლოს, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა წარმოშობს რისკს, რომ ის ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით სახიფათო იარაღად იქცეს,"- აღნიშნულია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.
ქართული ოცნების კანონპროექტით, პირი ოლიგარქად უნდა იდენტიფიცირებულიყო, თუკი ის ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებდა:
ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000,000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. (საარსებო მინიმუმი დღეს 252ლარი. 252 X 1,000,000 = 252,000,000 ლარი).