მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: „იაპონია მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდას"

6247ed9e59b0e
BM.GE
02.04.22 10:39
764
იაპონიის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები გადაეცათ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გადმოცემული ავტომანქანები ლაბორატორიული მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებითაც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ადგილზე მოახდინონ ფერმერთა საექსტენციო მომსახურება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ფერმერთა საექსტენციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანების გადაცემისთვის.

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს.

„იაპონია მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ისე ქართველ ფერმერთათვის პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა ელჩმა იმამურა აკირამ.

იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება პრიორიტეტული მიმართულებაა და სათბური აირების ემისიებით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მხარეებს შორის გამართული შეხვედრის ბოლოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსთვის თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

„ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები ხელს შეუწყობს წარმოების ხარისხის ზრდას და, შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას“, - განაცხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰიროიუკი მორიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები