„წარმოიდგინეთ, ხართ გერმანელი ინვესტორი და გესმით, რომ თქვენმა მთავრობამ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობა იძაბება, რასაკვირველია, არსებულ კონტაქტებს გადახედავთ ან თუ გქონდათ გადაწყვეტილი საქართველოში ბიზნესის დაწყება, მასაც გადახედავთ“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დიპლომატმა და EPRC-ის უფროსმა მკვლევარმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ დააზიანებს პეტერ ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევა ქართულ-გერმანულ ბიზნეს-კავშირებს.
გამოცდილი დიპლომატის აზრით, მსგავს სიტუაციაში როგორც გერმანული კომპანიის წარმომადგენლები, ისე პოტენციური ინვესტორები, სერიოზულად დაფიქრდებიან, ღირს თუ - არა მომავალში, საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელება.
„ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, ეს [ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა] არის ნეგატიური ნაბიჯი, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე. უმაღლესი დიპლომატიური რანგის წარმომადგენლის არყოფნა ქვეყანაში, რასაკვირველია, ხელს შეუშლის ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებას.
რეალურად, ელჩი არის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც თავის ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, არის ოფიციალურად საკუთარი პრეზიდენტის მიერ წარგზავნილი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი უცხადებს სრულ ნდობას. ასეთი ადამიანის არარსებობის პირობებში, დროებითი რწმუნებულის დონეზე იგივე სახის სამუშაოების განხორციელება ძალიან გაჭირდება, რაც იმას ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიხევს უკან“, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ და იქვე დასძინა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დაზიანებაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებაა“.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი რიტორიკის, მათი ბრალდებების, მათი ტყუილი ნარატივის გამო, გერმანია დგამს ძალიან მკაცრ და სერიოზულ ნაბიჯს საქართველოსთან მიმართებით და მნიშვნელოვანწილად ადაბლებს დიპლომატიურ წარმომადგენლობას“, - აცხადებს გიგი გიგიაძე.
დიპლომატი ვარაუდობს, რომ ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, გერმანია საქართველოში ელჩს არ დააბრუნებს.
„ელჩის გაწვევა შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღიდან უსასრულოდ.... ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, გერმანიამ საქართველოში ელჩი დააბრუნოს“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.




























