მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელ.ენერგიის გამო ფქვილი ისე არ გაძვირდება, რომ პურის ფასზე გავლენა მოახდინოს - "ბარაქა"

ფქვილი

ბიზნესის შეფასებით, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ფასის 5-6 თეთრიანი ზრდა განსაკუთრებით იმ საწარმოებისთვის იქნება ფინანსური ტვირთი, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ. თუმცა, ფქვილის მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფქვილის გაიაფების ფონზე ელექტროენერგიის გაძვირება მათ წარმოებაზე მინიმალურად აისახება, შესაბამისად, მხოლოდ ფქვილის კომპონენტის გათვალისწინებით, ეს პურის ფასის ცვლილებას ვერ გამოიწვევს, თუმცა “ბარაქას” გენერალური დირექტორის შეფასებით, ხარჯები გაეზრდება პურის მწარმოებელ იმ კომპანიებს, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ.

“ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარაში ელექტროენერგიის წილი 2 ლარია ამ ეტაპზე. იქიდან გამომდინარე, რომ 20%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის ღირებულება, შესაბამისად, ელექტროენერგიიდან გამომდინარე დაახლოებით 40-50 თეთრით გაიზრდება ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ბაზარზე ფქვილის ფასის კლების ტენდენციაა და დაახლოებით 60 ლარიდან 53 ლარამდეა ჩამოსული, ფქვილის 50-თეთრიანმა გაძვირებამ არ მგონია ზეგავლენა მოახდინოს პურის ფასზე, თუმცა არსებობენ ისეთი პურის ქარხნებიც, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარენ და საცხობი დანადგარები ელექტროენერგიაზე აქვთ. რა თქმა უნდა, იმათ თავისთავად გაუძვირდებათ წარმოება. თუმცა ფქვილის ნაწილში ფასი იმ რაოდენობით არ მოიმატებს, რომ პურზე რამე გავლენა მოახდინოს, თუ არ არის რამე დამატებითი ხარჯი ცხობის პროცესში”, - აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.

რაც შეეხება მიმდინარე ფასებს, მისი თქმით, პირველი ხარისხის 50-კილოგრამიანი ტომრის ფასი დღეს ბაზარზე დაახლოებით 52-53 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები