ამერიკული ტექ-გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ მომდევნო ათ წელიწადში ელექტრიკოსებზე, სანტექნიკოსებსა და დურგლებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზრდება. ამის შესახებ მან ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.
კომპანიის CEO-ს განცხადებით, უახლოეს მომავალში დიდ ბრიტანეთში ბევრი მსხვილი მოთამაშე, მათ შორის Nvidia-ც დაიწყებს AI ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ობიექტების აშენებას. ეს კი ჩამოთვლილი პროფესიების გამოცდილი კადრის გარეშე ვერ მოხერხდება. როგორც ჯენსენ ჰუანგი აღნიშნავს, მომდევნო დეკადაში მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად გაორმაგდება და მიაღწევს ნიშნულს, როცა ასობით ათასი ადამიანი იქნება დასაქმებული ამ კუთხით.
“ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი შენობა იქნება ასაშენებელი და, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი სამუშაო კადრი დაგვჭირდება. დაგვჭირდება ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები და დურგლები”. - აღნიშნა Nvidia-ს CEO-მ.
Channel 4-ის ჟურნალისტმა ჰუანგს ბრიტანეთში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რაზედაც Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, დღევანდელი ვითარება მრავალი წლის წინანდელი ინდუსტრიული რევოლუციისაგან არ განსხვავდება და რადგან ამის აშკარა საჭიროება გაჩნდა, დიდმა ბრიტანეთმა ახალი ინდუსტრიული რევოლუციისთვის უნდა დაიწყოს მზადება. დაიწყოს არა რადგან ეს მას სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს ახლა აუცილებელია.




























