საქსტატმა დღეს 2021 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის მდგომარეობით საქართველოში ფასები წლიურ ჭრილში 2.8%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, მათ ინფლაციის მეთოდოლოგიაში გაითვალისწინეს კომუნალური მოსაკრებლების სუბსიდირების პროგრამა, რამაც ინფლაციის მაჩვენებელი 1.77%-ით შეამცირა. შესაბამისად, რომ არა სუბსიდიის ეფექტი ინფლაცია 2.8%-ის ნაცვლად 4.57% იქნებოდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 პროცენტი), თევზეული (10.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (26.7 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.6 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (7.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება, რაც -1.77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28.9 პროცენტი).