მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის ექსპორტიდან რეკორდულად გაზრდილი შემოსავლების მიზეზი თურქეთში ფასის ზრდაა - ჩახვაშვილი

6351467dc4ce8
თათია ჩაფიჩაძე
20.10.22 22:30
567
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის ექსპორტიდან რეკორდულად გაზრდილი შემოსავლების მიზეზი თურქეთში ფასის ზრდაა.

როგორც ჩახვაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, თუ თურქეთში გასაყიდი დენის ფასი შარშან 4 ცენტი იყო, მიმდინარე წლის კონკრეტულ თვეებში ფასმა 10 ცენტსაც გადააჭარბა.

რაც შეეხება ამ დროისთვის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტის ღირებულებას, ფასი ნაკლებია და ის 6-დან 7.5 ცენტამდე მერყეობს.

„ექსპორტის მონაცემებში რეკორდული წელი გვაქვს თანხობრივად განსაკუთრებით. თურქეთში ფასები სასწაულად გაზრდილია. თუ შარშან ფასები 4 ცენტამდე იყო ჩამოსული, წელს ექსპორტის ფასი 10 ცენტამდეა, მაისში კი 10 ცენტსაც აცდენილი იყო. ეს ზრდა და ეიფორია დაკავშირებულია თურქეთში ელექტროენერგიის ფასის ზრდასთან.

მსოფლიოში გვაქვს ენერგეტიკული კრიზისი, რაც ნიშნავს რომ ენერგო მატარებლებზე ფასები გაზრდილია. ენერგო მატარებლების ფასის ზრდა თურქეთში ფასის ზრდას იწვევს, თურქეთის ელექტრო ენერგიის ბაზრის დიდი ნაწილი გაზზეა დამოკიდებული, თბოსადგურებზე მუშაობს და გაზის ფასის ზრდა პირდაპირ ელექტროენერგიის ფასის ზრდას ამბობს, თურქეთში ფასი ზუსტად ამიტომ გაიზარდა.

მთელი ექსპორტის ძირითადი ნაწილი თურქეთში გადის და იქაური ფასი განაპირობებს ექსპორტიდან შემოსავლებს. რაოდენობაშიც გაზრდილია, თუმცა თანხობრივად გახუთმაგებულია. ისე მოხდა, რომ სექტემბერიც საექსპორტო თვე იყო, როდესაც წინა წლებში ბალანსი ისე ჯდებოდა, რომ აგვისტოშიც კი იმპორტს ვაკეთებდით. ახლანდელი ექსპორტი სექტემბერშიც კი იმის ხარჯზე მოხდა, რომ თბო-სადგურებმა იმუშავეს. საპროგნოზო ბალანსს, რომ ვუყურებთ შემდეგი 4 თვე ელექტრო ენერგიის იმპორტია დაგეგმილი.აქ საინტერესო კითხვაა, ექსპორტის ფასი, რომ იზრდება ეს ხომ არ ნიშნავს რომ იმპორტის ფასიც იზრდება? იმპორტს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ და ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული მსოფლიო ენერგეტიკულ კრიზისზე. რუსეთიდან მიწოდების შეზღუდვებია ერთ-ერთი განმაპირობებელია ამ ენერგეტიკული კრიზისების. ამიტომ რუსეთს თავისუფლად შეუძლია ფასდადების ის პოლიტიკა განახორციელოს, რაც უნდა და საქართველოსთანაც ის პოლიტიკა გაატაროს, რომელიც უნდა", - განმარტა ჩახვაშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, შესაძლოა 7.5-8 ცენტამდე ავიდეს, მაგრამ კატასტროფულ ზრდას, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა არ ელოდებიან.

ინფორმაციისთვის: საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 84,338 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 467.9%-ით მეტია.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2022 წლის 9 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა - 79,553 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა სომხეთი - 4,215 მლნ დოლარი, მესამეზე კი აზერბაიჯანი - 569.7 ათასი დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, იქ წელს 0,97 ათასი დოლარის ღირებულების დენი გავყიდეთ.

ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს საქართველომ მხოლოდ 34,745 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა და ისიც ძირითადად, ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები