მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფეროშენადნობთა საწარმოები და კრიპტოვალუტის ბაზარია - მერაბ ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფეროშენადნობთა საწარმოების ამუშავება და კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული ტენდენციებია - ამის შესახებ BMG-სთან ET SYNERGY-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე საუბრობს.

მისი განმარტებით, 2025 წლის ზაფხულიდან ფეროშენადნობთა ქარხნები გააქტიურდნენ. მათ შორის, ზესტაფონის საწარმო, რომელიც მარტიდან ამუშავდა. როგორც ლომინაძე აცხადებს, ეს სექტორი ქვეყნის ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 12%-ს შეადგენს, რაც ენერგეტიკულ ბალანსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, რომელმაც მოხმარების ზრდა გამოიწვია, ბიტკოინის ფასის მატებაა, რამაც დამატებითი დატვირთვა შექმნა ქვეყნის ენერგოსისტემისთვის.

"ჩვენ გვახსოვს, რომ დიდი ფეროშენადნობთა ქარხანაც კი იყო გაჩერებული. თუმცაღა, ეს სიტუაცია შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ამუშავდა მარტიდან, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოები შედარებით გააქტიურდნენ უკვე მაისი-ივნისის თვეებიდან. ამან, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ეფექტი იქონია საკუთარ მოხმარებაზე ქვეყნის შიგნით და ეს მოხმარება გაიზარდა. მე იმედს დავიტოვებ, რომ ამ საწარმოების მხრიდან ეს პოზიციონირება გაგრძელდება.

ამავდროულად, ქვეყნის შიდა მოხმარებაზე ზეგავლენა იქონია ბიტკოინის ფასის გაზრდამ და ამუშავდა არაერთი ის საწარმო, რომელიც ამ დარგში წლების განმავლობაში გაჩერებული იყო. ამანაც დადებითი ეფექტი იქონია საერთო მოხმარების ზრდაზე ქვეყნის შიგნით", - ამბობს მერაბ ლომინაძე.

2025 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი. Galt&Taggart-ის ცნობით, მოხმარების ზრდის ეს მაჩვენებელი ძირითადად საცალო (+4.6% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+2.6%წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. ამასთან, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება წლიურად 5.7%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები