მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდება წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები მოხმარების ზრდასთან ერთად გახშირდა.
როგორც მესტიაში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები BMG-სთან ყვებიან, ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმება, ან სასტუმროების დროზე ადრე დატოვება, უთოვლობასთან ერთად, სწორედ უშუქობამ განაპირობა.
„ეს პრობლემა დღის წესრიგშია მას შემდეგ, რაც ტურისტული სეზონი დაიწყო, ფაქტობრივად, დეკემბრიდან. ის, ტურისტები, ვინც ერთი კვირით აპირებდნენ მესტიაში დარჩენას, უშუქობის გამო, აქაურობა ორ დღეში დატოვეს. ძალიან ბევრმა ამის გამო საერთოდ გააუქმა ჯავშანი და აღარ ჩამოვიდა“, - აცხადებს სასტუმრო „შგედის“ დამფუძნებელი თამუნა ფარჯიანი.
„ზამთრის სეზონის დაწყებას ყოველთვის გულის ფანცქალით ვხვდებით, რადგან ელექტროენერგიის პრობლემებია. ძალიან სამარცხვინო და უხერხულია, როცა სტუმრებით დატვირთულია სასტუმრო და ამ დროს არ გაქვს შუქი და ცივა. ძალიან ბევრი ტურისტი ამბობს, რომ ასეთ გაუსაძლის პირობებში ყოფნა არ შეუძლიათ და ტოვებენ სასტუმროს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს იმისთვის, რომ სვანეთში ზამთრის ტურიზმი განვითარდეს“, - განაცხადა სასტუმრო „ლამიჟის“ დამფუძნებელმა თამარ ნიგურიანმა.
ცნობისთვის: "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში 101,5 მლნ კვტ.სთ-ს უტოლდებოდა, 2022 წელს კი, მოხმარებამ 121,7 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია.