მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტროენერგიით ვაჭრობის პირველი პლატფორმა მოთამაშეებს ბირჟის ამოქმედებისთვის შეამზადებს“ – ELECTRA-ს ხელმძღვანელი

6185160e33df6
ვიქტორია მღებრიშვილი
06.11.21 19:00
951
ელექტროენერგიით ვაჭრობის პირველი ციფრული პლატფორმა electra.ge ბაზრის მოთამაშეებს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის მოამზადებს - ამის შესახებ ELECTRA-ს პროექტის ხელმძღვანელმა დავით გოლოშვილი გადაცემა „ანალიტიკაში“ ონლაინვაჭრობის ერთიანი პლატფორმის 1-თვიანი ოპერირების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ბაზრის მოთამაშეებს შორის ონლაინპლატფორმისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია, რადგან დღემდე ელექტროენერგიის შეძენა როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის დიდ რესურსებს მოითხოვდა.

„პლატფორმის ამოქმედებამდე ოპტიმალური წინადადებების მოძიება რთული იყო. როდესაც 60 მიმწოდებელსა და 45 მომხმარებელს ერთმანეთთან დაკავშირება და ოპტიმალური წინადადებების მოძიება უჭირდათ, საჭირო იყო თითოეულთან დარეკვა, მათი პირობების გაგება და ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევა, რაც ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ჩვენი პლატფორმა ამ პრობლემას ხსნის, რადგან აქ ერთიან სივრცეში იქნება შესაძლებელი ასეთი წინადადების მოძიება და დადება“, - აცხადებს დავით გოლოშვილი.

მისი თქმით, ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის მიმართ ინტერესი დიდია და ის განსაკუთრებით იმ 8 თვის განმავლობაში იზრდება, როდესაც ელექტროენერგიის დეფიციტი იქმნება.

„ჩვენი საბოლოო მიზანი ბაზრის ახალი მოდელია, რომელიც ორგანიზებული ბაზრების ჩამოყალიბების ანუ ბირჟის ამოქმედების შემდეგ იქნება, რა დროსაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ნაწილი ონლაინრეჟიმში გადაინაცვლებს. ამ ვითარებაში ჩვენი პლატფორმა საშუალებას იძლევა, დაინტერესებული პირები ონლაინვაჭრობის შესაძლებლობებს გაეცნონ და გარკვეულწილად წინ წაიგდონ დრო, რათა ამ რეფორმას 2022 წლის იანვარში მომზადებული შეხვდნენ“, - განაცხადა დავით გოლოშვილმა.

ცნობისთვის: ელექტროენერგიის ვაჭრობის პირველი ერთიანი პლატფორმა electra.ge, დაახლოებით, 1 თვის წინ ამოქმედდა და დაახლოებით, ელექტროენერგიის 60 მიმწოდებელსა და 45 მომხმარებელს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები