კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
BMW და Tesla ევროკავშირს სასამართლოში უჩივიან
მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები - გერმანული BMW და ამერიკული Tesla ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს სასამართლოში უჩივიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, ევროკავშირმა დააწესა სავაჭრო ტარიფები ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ბატარეების წინააღმდეგ, რომელსაც არა მარტო ჩინური, არამედ ევროპული და ამერიკული კომპანიებიც იყენებენ, მათ შორის: Tesla და BMW. შესაბამისად, ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ტარიფის ამოქმედება ევროკავშირის ბაზარზე დასავლური ბრენდების მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაძვირებას იწვევს, რაც არასამართლიან პირობებს ქმნის და აზიანებს როგორც მომხმარებელს, ასევე საავტომობილო ინდუსტრიას.
ევროკავშირში ჩინეთში წარმოებული EV-ების წინააღმდეგ ტარიფების მოცულობა 10-45%-ის ფარგლებშია, რაც პროდუქციის მკვეთრ გაძვირებას იწვევს. მაგალითად, Tesla, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საავტომობილო ბრენდია, ევროკავშირის ბაზრისათვის გათვლილ ავტომობილებს ჩინეთში აწარმოებს, ანუ ანტი-ჩინური სანქცია ამერიკული კომპანიის წინააღმდეგაც მოქმედებს.
Toyota და Volkswagen - ი - 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები
წლებია, მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის ტიტულს, იაპონური გიგანტი Toyota ინარჩუნებს. გასულ წელს, Toyota-მ ყველაზე მეტი, 10.8 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა. შედეგად, იაპონური კომპანია ზედიზედ უკვე მეხუთე წელია მსოფლიოში, ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელია.
აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიუხედავად, Toyota წლიდან წლამდე გაყიდვების გაზრდას ვერ ახერხებს. მაგალითად, 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით, Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები თითქმის 4%-ით დავარდა. ვარდნის უდიდესი წილი Daihatsu-სა და Hino Motors-ზე მოდიოდა, მათ შორის ეს უკანასკნელი რამდენიმე კვირის წინ გამონაბოლქვთან დაკავშირებულ სკანდალშიც გაეხვია და რამდენიმე მილიონის ჯარიმა ემუქრება.
2024 წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გერმანული Volkswagen Group-ია, რომელმაც გასულ წელს 9 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო. თუმცა Volkswagen-ის გაყიდვებიც მცირდება, რაც ძირითადად მის წამყვან ბაზარზე, ჩინეთში, ფასების ომის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, Volkswagen-ი ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმაზე მუშაობს.
ელექტრომობილები სიცივეში 20%-ით ნაკლებ მანძილს გადიან
ახალი კვლევის თანახმად 0 გრადუსსა და უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ელექტრომობილები ჩვეულზე 20%-ით ნაკლებ მანძილს ფარავენ. კვლევა 18 000 ელექტრომობილზე ჩატარდა, ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 პოპულარული მოდელის მიხედვით. კვლევა ფოკუსირებული იყო ერთი დამუხტვით, ელექტრომობილების დიაპაზონის ცვლილებაზე, ამინდების მიხედვით. ყველაზე კარგი შედეგი Tesla Model X-მა დააფიქსირა, რომელმაც მისი დიაპაზონის 89% შეინარჩუნა, Tesla Model S-მა - 88%. ყველაზე კარგი შედეგის მქონე მოდელებს შორის ასევე მოხვდნენ: Audi e-tron და Tesla Model 3, ორივე 87%-ით, Tesla Model Y - 86%, Hyundai Ioniq 5 და Hyundai Kona, 85%-იანი შედეგით.
საინტერესოა, რომ 13-დან 11 მოდელს - რომელმაც ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირა - სითბოს ტუმბოები აქვს, ხოლო ცხრას არა. სითბოს ტუმბოები გარედან შემოსული ჰაერით ეფექტიანობას აუმჯობესებს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ნაწილში სტანდარტად იქცა სითბოს ტუმბოების გამოყენება, გარკვეულ ავტომობილებს ის ჯერ კიდევ არ აქვთ.
საერთო ჯამში, კვლევამ დაასკვნა, რომ სითბოს ტუმბოს გამოყენება, ავტომობილის დიაპაზონს ყინვაში საშუალოდ 83%-მდე უნარჩუნებს. მაშინ, როდესაც მისი არ გამოყენება ამ მაჩვენებელს 75%-მდე წევს.
KIA-მ უსაფრთხოების ბალიშების ხარვეზის გამო, ათასობით ავტომობილი უკან გაიწვია
ავტომწარმოებელმა KIA-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 000-ზე მეტი გაყიდული ავტომობილი უკან გაიწვია. მიზეზი მგზავრის წინა სავარძლის ქვეშ წუნდებული გაყვანილობაა, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ბალიშებისა და ღვედის გახსნისთვის ხელის შეშლა შეუძლია.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში შევსებული დოკუმენტების თანახმად, პრობლემას, რომელიც ავტომობილებს აქვს, უსაფრთხოების ბალიშის უმიზეზოდ გაშლაც შეუძლია გამოიწვიოს.
კომპანიის გადაწყვეტილება 2023-25 წლების ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების ნაწილს ეხება. კომპანია 80 000-ზე მეტ ავტომობილში გაყვანილობას უსასყიდლოდ შეცვლის.
ნოემბრის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც Kia-ს ავტომობილების უკან გახმობა მოუწია. გასული წლის ნოემბერში Hyundai-მ და Kia-მ ჯამში 200 000-ზე მეტი ელექტრომობილი გაიწვიეს: მოდელებს ბატარეის დამუხტვასთან დაკავშირებული ხარვეზი ჰქონდათ. თუმცა ახალი შემთხვევა უფრო მწვავეა და, კომპანიის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებს ზრდის.
Ferrari, Lamborghini, Maybach-ი, Rolls Royce-ი - რამდენი სუპერქარი გავიდა 2024-ში საქართველოდან
2024 წლის განმავლობაში საქართველოდან ავტოექსპორტი რეკორდულ 2.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (მატება 14%). შსს-მ გამოაქვეყნა 2024-ში საქართველოდან ექსპორტირებული და რეექსპორტირებული ავტომობილების შესახებ სრული ინფორმაცია, რაც მოიცავს 113,964 ავტომობილის შესახებ ინდივიდუალურ ჩანაწერს. ამ ფაილების ანალიზის თანახმად, ექსპორტირებული ავტომობილებიდან 3.4 ათასი 2024 წლის გამოშვების იყო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით უფრო ძვირი ღირდა. 4 ათასი ავტომობილი 2023 წლის მოდელი იყო, მთლიანად რეექსპორტირებული ავტომობილების მედიანური გამოშვების წელი კი 2018 იყო.
ავტომობილების სრულ ჩამონათვალში ჩანს არაერთი სუპერქარია. 2024 საქართველოდან ექსპორტირებულია Ferrari-ს 42 ავტომობილი, საწყისი ფასი 360,000 დოლარი, ცალკეული მოდელების ღირებულება $700,000-საც აღემატება;
MERSEDES-BENZ MAYBACH-ი, 107 ავტომობილი, საწყისი ფასი $200,000, ზოგიერთი მოდელის ღირებულება 350,000 დოლარსაც აჭარბებს;
Lamborghini-ის 54 ავტომობილი, საწყისი ფასი 250,000 დოლარი, ცალკეული მოდელების ღირებულება $500,000-საც აღემატება;
BENTLEY-ი 38 ავტომობილი, საწყისი ფასი 200,000 დოლარი, ცალკეული მოდელების ღირებულება $300,000-საც აღემატება;
ROLLS-ROYCE-ი 30 ავტომობილი, საწყისი ფასი 350,000 დოლარი, ცალკეული მოდელების ღირებულება $600,000-საც აღემატება;
აღსანიშნავია, რომ შსს-ს სტატისტიკაში მითითებული არაა თუ რომელ ქვეყნებში გავიდა ეს ავტომობილები, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ავტოექსპორტის ნახევარზე მეტი ყირგიზეთში მიემართებოდა, მაღალი ალბათობით ისინი სწორედ ყირგიზეთში გაიგზავნა. თავის მხრივ, ყირგიზეთში გაგზავნილი $ 1.2 მლრდ ავტომობილებიდან $61 მლნ - ის ჩავიდა ადგილზე, შესაბამისად მაღალი ალბათობით ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი (90%-ზე მეტი) ყირგიზმა დილერებმა გზაშივე გაყიდეს.