მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების მწარმოებელი NIO-ს ზარალი ერთ წელში 4-ჯერ გაიზარდა

631b12cd2e23e
გიორგი ბერუაშვილი
09.09.22 23:37
3859
ელექტროავტომობილების ინდუსტრია უჩვეულოდ მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. ტიპური ავტომწარმოებლების გარდა, ბაზარზე უშუალოდ ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიებიც არიან წარმოდგენილნი. ასეთია ყველასთვის კარგად ნაცნობი ილონ მასკის კომპანია - Tesla, რომელმაც წელს ყველაზე მსხვილი ელექტროავტომობილების მწარმოებლის სტატუსი დაკარგა.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ისაუბრა, რომ იგი აღფრთოვანებულია ჩინური კომპანიებით, რომელთაგან ერთ-ერთია ჩინურ Tesla-დ წოდებული NIO. მიმდინარე კვირას NIO-მ 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგები წარადგინა.

საანგარიშო პერიოდში NIO-მ 25,029 ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.4%-იანი ზრდაა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 2.8%-იანი კლება. ამის ფონზე კი კომპანიის შემოსავალმა 1.53 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 22%-იანი ზრდაა, ხოლო წინა კვარტლის შემოსავალთან მიმართებაში მხოლოდ 4%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება წმინდა ფინანსურ შედეგს, 2022 წლის მეორე კვარტალში წმინდა ზარალმა 411 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს კატასტროფული ფინანსური მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ კომპანიას გაეზარდა საოპერაციო ხარჯები, მათ შორის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები. ამავდროულად კომპანიამ დაახლოებით 230 მილიონი დოლარით გაზარდა კვლევასა და განვითარებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი.

კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ ინვესტორებისთვის კიდევ ერთი არც ისე პოზიტიური გზავნილი გაავრცელა, როდესაც თქვა რომ 2022 წლის მეორე ნახევარი არის კრიტიკული პერიოდი NIO-სთვის.

მიუხედავად ამისა, NIO-ს ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს მესამე კვარტლის მოლოდინები, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდში კომპანიამ 31,000 – 33,000 ავტომობილი უნდა გამოუშვას. ამის პარალელურად ისინი ინვესტორებს აძლევენ იმედს, რომ კომპანია დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას მოახერხებს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ NIO-ს კვარტალურ შედეგებს აქციების ფასზე რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა არ მოუხდენია. NIO-ს ერთი აქციის შეძენა ინვესტორს დაახლოებით 17.5 დოლარად შეუძლია.

Nio-ს აქციების ფარმა მაქსიმუმს საფონდო ბირჟაზე 2021 წლის დასაწყისში მიაღწია, როდესაც ერთი აქციის ღირებულებამ 67 დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისთან შედარებით კი მისი ღირებულება თითქმის განახევრებულია - 2022 წლის იანვარში ერთი აქციის შეძენას დაახლოებით 34 დოლარად შეძლებდით.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და Meta. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები