მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების წარმოებასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - Volkswagen-ის CEO

62c83bea7282f
გიორგი თოლორდავა
08.07.22 19:23
806
უმსხვილესი გერმანული ავტოკონცერნის ხელმძღვანელს ელექტრომობილების წარმოებასთან მიმართებით უაღრესად პოზიტიური მოლოდინები აქვს. Volkswagen-ის გენერალური დირექტორის, ჰერბერტ დიესის განცხადებით, ნახევარგამტარების მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გარკვეულწილად გადაჭრილია და წლის ბოლომდე კომპანია საწარმოო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდას შეძლებს.

დიესის განმარტებით, ევროკავშირისა და აშშ-ის მასშტაბით Volkswagen-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, კომპანია კი ყველანაირად ცდილობს არსებული მოთხოვნის მაქსიმალურად სწრაფად დაკმაყოფილებას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ავტოინდუსტრია არაერთი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის ყველაზე მწვავე პრობლემა კი კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტია. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრომობილების წარმოების პროცესში, რადგან ასეთი ტიპის ავტომობილები ჩვეულებრივთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ნახევარგამტარს საჭიროებენ. ჩიპების დეფიციტის გამო, საწარმოო პროცესის შეფერხება მოუწია მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორისა: VW, Tesla, Toyota, Mercedes, Ford და GM.

2030 წლისთვის VW გეგმავს, რომ კომპანიის მიერ გენერირებული შემოსავლის საერთო მოცულობის 70% ელექტრომობილების გაყიდვით იყოს მიღებული, რისთვისაც კომპანია მსოფლიოს მასშტაბით მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს.

Bloomberg Intelligence-ის პროგნოზით, 2024 წლისთვის, შესაძლოა, ელექტრომობილების ბაზარი შეიცვალოს და გლობალურ გაყიდვებში Tesla-ს VW-მ გადაუსწროს.

ანგარიშის თანახმად, VW-ის უპირატესობა მის მრავალფეროვან პორტფელშია – ავტოკონცერნი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბრენდებს ფლობს, მათ შორისაა: Porsche, Lamborghini, Bugatti, Bentley და Audi. კომპანია VW მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მაგალითად: ბიუჯეტურ კატეგორიაში – VW ID.3-ს; პრემიუმ სეგმენტში – Audi e-Tron-ს; ხოლო უმაღლეს კატეგორიაში – Porsche Taycan Turbo S-ს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ევროპის ბაზრის 20%-ს, ხოლო ჩინეთის ბაზრის 25%-ს დაიკავებენ, მათი რაოდენობის ზრდის ტენდენცია კი, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის EV-ის ბაზარზე თავის დამკვიდრება უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი კომპანია აქტიურადაც მუშაობს, მათ შორისაა: Mercedes-ი, BMW და Ford-ი.

Bloomberg-ის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, 2024 წელს VW და Tesla 2-2 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას შეძლებენ, რაც EV-ის გაყიდვების ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იქნება.

წყარო - Forbes.ge

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები