Tesla სრულიად ახალ, უფრო მცირე ზომის, იაფფასიან ელექტრო SUV-ს (კროსოვერს) ამუშავებს, - ამის შესახებ Reuters-ს საკითხში ჩახედულმა ოთხმა წყარომ განუცხადა.
ბოლო კვირებში ავტომწარმოებელი მომწოდებლებს დაუკავშირდა კომპაქტური SUV-ის გეგმის დეტალების განსახილველად, რომელიც სრულიად ახალი ავტომობილი იქნება და არა Tesla-ს ამჟამინდელი Model 3-ის ან Model Y-ის ვარიაცია. საუბრები ეხებოდა საწარმოო პროცესსა და სხვადასხვა კომპონენტის სპეციფიკაციებს, - აღნიშნეს წყაროებმა.
სამი წყაროს თქმით, კომპაქტური SUV ჩინეთში იწარმოება, ერთ-ერთი წყარო კი დასძენს, რომ Tesla-ს მიზანი წარმოების აშშ-სა და ევროპაში გაფართოებაცაა.
ავტომობილის სიგრძე 4.26 მეტრი იქნება, რაც ნათლად ჩამოუვარდება Tesla-ს ყველაზე გაყიდვად SUV-ს, Model Y-ს, რომლის სიგრძეც დაახლოებით 4.7 მეტრია.
ეს ნაბიჯი მოჰყვა აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის 2024 წლის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა დაბალბიუჯეტიანი ელექტრომობილის პროექტი და კომპანიის ფოკუსი რობოტაქსებსა და ჰუმანოიდ რობოტებზე გადაეტანა.
მთავარი კითხვაა, მიანიშნებს თუ არა უფრო მცირე ზომის SUV-ის შექმნის მცდელობა სტრატეგიის შეცვლასა და მასობრივ ბაზარზე გათვლილ, ადამიანის მიერ მართულ ელექტრომობილებზე დაბრუნებას, თუ ახალი მოდელი უფრო მეტად შეესაბამება Tesla-ს ხედვას სრულად ავტონომიური (უპილოტო) მანქანების შესახებ.
"ასეთი მოდელი პოტენციურად შეიძლება ორივე მიზანს ემსახურებოდეს", - აცხადებს ახალი ავტომობილის პროექტში ჩახედული ერთ-ერთი პირი და Tesla-ს თანამშრომელი. მან უარი თქვა კონკრეტული ავტომობილის დეტალების დადასტურებაზე ან უარყოფაზე, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ ავტომწარმოებლის მიზანი ახლა ისეთი მოდელების შექმნაა, რომლებიც უპილოტო იქნება, მაგრამ ადამიანის მიერ მართვის ფუნქციასაც დაიტოვებს.
სანამ Tesla უპილოტო მომავლისკენ მიისწრაფვის, ზოგიერთი ანალიტიკოსი ტრადიციული ელექტრომობილების გაყიდვების ზედიზედ მესამე წლით შემცირებას პროგნოზირებს. ამ დროისთვის Tesla მცირე რაოდენობით რობოტაქსებს მხოლოდ ოსტინში (ტეხასი) ამუშავებს.
ორი წყაროს ცნობით, Tesla ახალი ავტომობილის შეთავაზებას უფრო იაფად გეგმავს, ვიდრე მისი საბაზისო Model 3 სედანი ღირს, რომლის ფასიც ჩინეთში $34,000-დან, ხოლო აშშ-ში დაახლოებით $37,000-დან იწყება. მათი თქმით, Tesla ხარჯების დაზოგვას ნაწილობრივ უფრო მცირე ბატარეის გამოყენებით გეგმავს.
ერთ-ერთმა წყარომ დაამატა, რომ ავტომწარმოებელი ორი ელექტროძრავის ნაცვლად, მომხმარებელს ერთს შესთავაზებს. Tesla-ს ასევე სურს მანქანა ბევრად უფრო მსუბუქი - დაახლოებით 1.5 ტონა გახადოს. შედარებისთვის, Model Y-ის წონა დაახლოებით 2 ტონაა.
სამი წყაროს თქმით, ახალი მოდელი Tesla-ს შანხაის ქარხანაში იწარმოება, თუმცა ზუსტი ვადები უცნობია. მათი ვარაუდით, ავტომობილის წარმოება წელს არ დაიწყება.




























