ბოლო წლებში, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ბევრი სიახლე გავრცელდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ ტიპის ავტომობილების წარმოების მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ არა ტრადიციული ავტომწარმოებელი ბრენდები, არამედ ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც, ისტორიულად, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს აწარმოებენ. ამ ტიპის კომპანიებში გამორჩეულია ჩინური Xiaomi, რომელიც, ამ დრომდე, მცირე და საშუალო ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების წარმოებით იყო ცნობილი. პირველი ელექტრომობილი, სპორტული სედანი Speed Ultra 7 ჩინურმა კომპანიამ 2023 წლის ბოლოს წარადგინა და როგორც იმ დროს გახდა ცნობილი, Xiaomi-მ მიზნად დაისახა, რომ მომდევნო დეკადის განმავლობაში ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების წამყვან ხუთეულში შესულიყო.
მიაღწევს თუ არა კომპანია ამ მიზანს - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ის, რაც ამ დროისთვის ვიცით ისაა, რომ გამოხმაურება, რომელიც Xiaomi-ის პირველმა ელექტრომობილმა მიიღო, საკმაოდ დადებითია. როგორც საავტომობილო მიმომხილველები წერენ, ჩინური კომპანიის პირველი ავტომობილი საკმაოდ დახვეწილი და გამართულია, მაგრამ მიაღწევს თუ არა ეს პროექტი კომერციულ წარმატებას, დიდწილად, Xiaomi-ის მიერ არჩეულ საფასო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ჩინური კომპანიის პირველი სპორტული სედანი, ამ ეტაპზე, ჩინეთში გაიყიდება, სადაც მისი ფასი $30,000-დან $42,000-მდე შუალედში განისაზღვრა, რაც რამდენიმე ათასით უფრო იაფია, ვიდრე Xiaomi-ის ავტომობილის პირდაპირი კონკურენტი Tesla Model 3.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფილოსოფია, რომელსაც ჩინური კომპანია ამ მიმართულებას აფუძნებს. როგორც Xiaomi-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ლეი ჯუნმა ავტომობილის წარდგენისას განაცხადა, ჩინურ კომპანიას სამართავად მარტივი, ლამაზი და ჭკვიანი ავტომობილის შექმნა სურს, რომლის ღირებულება, ამავდროულად, $70,000-ზე ნაკლები იქნება. მისივე თქმით, Xiaomi-ის მიზანია ოცნების ავტომობილი შექმნას, რომლის შედარება Porsche-სთან და Tesla-სთან იქნება შესაძლებელი და ამისთვის, როგორც ლეი ჯუნი ამბობს, Xiaomi-მ ამ ორი ბრენდისგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს. საინტერესოა, რომ თუ Xiaomi-მ ზემოხსენებული ბრენდების მსგავსი ავტომობილის შექმნა მართლაც მოახერხა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ მცირე ჩინეთში, ის დიდ წარმატებას მიაღწევს, რადგან ფასი, რომელიც ჩინურმა ბრენდმა აირჩია გაცილებით დაბალია, ვიდრე ის, რომელსაც მომხმარებლებს უცხოური კომპანიების სთავაზობენ.
Xiaomi-ის მიერ ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას, როგორც ჩანს, დადებით ნაბიჯად აფასებენ ინვესტორები, რადგან ავტომობილის წარდგენის დღეს, კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 15%-ით იმატა. მართალია, მას შემდეგ მცირე კორექცია დაფიქსირდა, მაგრამ ახლა, Xiaomi-ის აქციები მაინც 4%-ით უფრო ძვირად ივაჭრება, ვიდრე ავტომობილის ოფიციალურ წარდგენამდე. საინტერესოა, რომ ავტომობილის წარდგენიდან 27 წუთში, Xiaomi-მ 50,000 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან როგორც Xiaomi-ში ამბობენ, მომდევნო დეკადის განმავლობაში, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით კომპანია $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.