მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონულ შესყიდვებში ხარვეზების გამო 107 750 ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკები ფიქსირდება - აუდიტი

6455e2ee61ad8
ალა ისპირიანი
06.05.23 09:17
682
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტის მიხედვით, დეზინფექციასა და დეზინფექციასთან დაკავშირებული მომსახურებების ელექტრონულ შესყიდვებში გამოვლენილი ხარვეზები ფიქსირდება.

კერძოდ, ჩატარებული დეზინფექციასთან დაკავშირებული სამუშაოების ნუსხით წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, რომელ ობიექტებში ჩატარდა 900 ლარის ღირებულების სადეზინფექციო სამუშაოები. ობიექტების დასახელებისა და თარიღების მითითებით შესრულებული სამუშაოების აქტები შედგენილი არ იყო.

სსიპ - დევნილთა მომსახურების სააგენტომ მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართა სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ფაქტობრივად განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად.

აუდიტის თანახმად, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, არასრულყოფილად შედგენილი აქტების, მითითებული ვადების გათვალისწინებით და ჩატარებული სამუშაოების საეჭვო მოცულობებიდან გამომდინარე, ფიქსირდება 107 750 ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკები.

ამასთან, აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა არსებითი სახის ხარვეზები და დამატებითი შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულება, შესაბამისი დანართის გარეშე, გაიზარდა 19 000 ლარით − 217 000 ლარამდე:

სადეზინფექციო მომსახურების ჩატარების მიმდინარეობისას, ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად ახორციელებდნენ ფართების აზომვებს, თუმცა აზომვების დამადასტურებელი აქტები წარმოდგენილი არ ყოფილა. სამუშაოების ჩატარება არ დადასტურებულა აქტით, შესრულებულ სამუშაოებზე ფორმის მიხედვით, რაც მიანიშნებს, რომ არ შესრულდა სატენდერო დოკუმენტაციის პირობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები