ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი, თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ სექტორი დიდი გამოწვევების წინაშეა.
მან BMGTV-ს გადაცემა "საქმიან დილაში" საუბრისას ორი საკითხი გამოყო. კერძოდ, თამარ გოგოლაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა. შედეგად, დეკემბერში მოსალოდნელზე ნაკლები ზრდა იყო, იანვარი კი ზოგიერთმა მაღაზიამ ზარალითაც კი დახურა. ასოციაციის თანადამფუძნებელი კიდევ ერთ გამოწვევად რუსული და ჩინური ონლაინ მაღაზიების მხრიდან არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს.
"რეალურად, დღეს, ელექტრონული კომერცია საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. დეკემბერზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვეა ელექტრონული კომერციისთვის, ის მაჩვენებლები არ დაიდო, რასაც ველოდით. ამას ბევრი ონლაინ მაღაზია აღნიშნავს. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ უკავშირდება იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ არასტაბილურობას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. როგორც წესი, წლიური ზრდა 30-დან 40%-მდე მერყეობდა ხოლმე, ზოგიერთი ბიზნესის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი ზრდა იყო, თუმცა მიმდინარე პერიოდში, შეიძლება 10-დან 20%-მდეც არ ჰქონდათ კომპანიებს ზრდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იანვარში ზოგიერთმა კომპანიამ ზარალითაც კი დახურა თვე, რაც უპრეცედენტოა. გაზრდილმა ხარჯებმა და სწრაფად შემცირებულმა გაყიდვებმა ასეთი შედეგი დადო გარკვეული მაღაზიის შემთხვევაში.
მეორე მხრივ, ასევე გამოვყოფდი იმ მზარდ კონკურენციას, რომელიც ქართულ ელექტრონულ კომერციას აქვს ადგილობრივ ბაზარზე ჩინური და რუსული ონლაინ მაღაზიების მხრიდან. შესაბამისად, ამ ორმა ფაქტორმა ძალიან დიდი გავლენა იქონია დეკემბრის თვეზე. იანვრის თვე კიდევ უფრო უარესია. შემდეგი პერიოდი კიდევ უფრო შემცირებას მოველით, თუ არაფერი შეიცვალა. მოლოდინები უფრო ნეგატიურია და ეს პროცესები მნიშვნელოვნად დააზიანებს ელექტრონულ კომერციას საქართველოში",- ამბობს თამარ გოგოლაშვილი.