საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის (REA) აზრით, TEMU-მ და მსგავსმა პლატფორმებმა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები უნდა გადაიხადონ.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ასოციაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაშვილმა განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა უცხოეთიდან ამანათების მზარდი ტენდენცია და ადგილობრივ საცალო ვაჭრობის სექტორსა და ელექტრონულ კომერციაზე მისი გავლენა იყო.
2025 წელს საქართველომ რეკორდული ₾2 მილიარდის ამანათები გამოიწერა - ₾874 მლნ-ის ჩინეთიდან
საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია სახელმწიფოსგან ბაზარზე თანაბარი, სამართლიანი საკონკურენციო პირობების შექმნას ითხოვს და როგორც თამარ გოგოლაშვილი ამბობს, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული აქვთ.
კერძოდ, ბიზნესი ითხოვს, რომ TEMU-მ და სხვა საერთაშორისო პლატფორმებმა, რომლებიც რეალურად ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში ეწევიან, ბიუჯეტში დღგ გადაიხადონ. თამარ გოგოლაშვილის თქმით, მსგავსი მოდელი ქვეყანაში უკვე აპრობირებულია - 2021 წლიდან Google და Facebook ანალოგიურად იბეგრებიან.
"Temu და სხვა მსგავსი პლატფორმები ორგანიზებული იმპორტიორები არიან - მათი საქმიანობის სპეციფიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, მათ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები უნდა გადაიხადონ. ეს შეიძლება მოხდეს ციფრული გზით: მათ საიტზე პირდაპირ გამოჩნდეს დღგ-ს დამანგარიშებელი, მომხმარებელი გადასახადს პროდუქციის ღირებულებასთან ერთად პლატფორმაზევე გადაიხდის, კომპანიები კი ამ თანხას საქართველოს ბიუჯეტში მიმართავენ. ეს პირობებს მეტ-ნაკლებად გაათანაბრებს. ეს არის გზა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრომ 2021 წელს უკვე მიმართა Facebook-ისა და Google-ის შემთხვევაში. ეს პრაქტიკა საქართველოში არსებობს: ვინაიდან ამ პლატფორმებს საქართველოს ტერიტორიაზე ვიყენებთ და ეკონომიკური საქმიანობაც აქ ხორციელდება, გადასახადის გადახდაც ადგილობრივად უნდა მოხდეს. ჩვენი წინადადებაც სწორედ ეს არის - ამ ონლაინ იმპორტიორებმაც გადაიხადონ გადასახადები, რათა ადგილობრივ ბიზნესთან თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ“, - განმარტავს თამარ გოგოლაშვილი.
როგორც საცალო და ელკომერციის ასოციაციის თავმჯდომარემ „წერტილში“ განაცხადა, დღის წესრიგში დგას 300-ლარიანი დაუბეგრავი ზღვრის გაუქმების ან გადახედვის საკითხი. ბიზნესი მაგალითად იშველიებს ევროკავშირს, რომელმაც ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე „3-ევროიანი“ სპეციალური მოსაკრებელი დააწესა.
„300-ლარიანი ლიმიტის გაუქმების საკითხზეც მიდის საუბარი, ვინაიდან პრობლემა ნებისმიერი კუთხით განიხილება. ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრებზე ეს თემა დღის წესრიგში დგას და ამჟამად სამუშაო რეჟიმში ვმსჯელობთ, თუ რა კონკრეტული ვერსია ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში - იქნება ეს გლობალური პლატფორმების პირდაპირი დაბეგვრა თუ არსებული შეღავათის გაუქმება. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს შევთავაზოთ ჩვენი ხედვა, რის შემდეგაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოხდება მსჯელობა", - განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა.



























