თუ გასულ ათწლეულში ონლაინ ვაჭრობა კომპიუტერთან და ვებგვერდებთან ასოცირდებოდა, დღეს ვითარება შეიცვალა. უკვე ვცხოვრობთ „მობილური კომერციის“ ეპოქაში, სადაც სმარტფონი არა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება, არამედ გლობალური სუპერმარკეტია. Visual Capitalist-ის უახლესი პუბლიკაცია, რომელიც აპლიკაციებს ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობით აფასებს, ნათლად გვიჩვენებს, რომ ბრძოლა მომხმარებლის ყურადღებისთვის გამძაფრდა.
საინტერესოა გეოგრაფიული გადანაწილებაც: ლიდერებს შორის დასავლური დომინაცია დასრულდა. რეიტინგში აზიური, კერძოდ კი ჩინური და სინგაპურული კომპანიების დომინაცია მიუთითებს იმაზე, რომ ინოვაციები ვაჭრობაში ახლა აღმოსავლეთიდან მოდის.
Flipkart - ინდოეთი – 191 მილიონი მომხმარებელი
მეხუთე პოზიციას, 191 მილიონი მომხმარებლით, ინდოეთის ციფრული ეკონომიკის საყრდენი - Flipkart-ი იკავებს. Flipkart-მა მოახერხა ის, რაც ბევრმა გლობალურმა მოთამაშემ ვერ შეძლო - მოარგო სერვისი ინდოეთის რთულ ლოგისტიკურ სისტემასა და კულტურულ თავისებურებებს. მათ შეიმუშავეს გადახდის უნიკალური სისტემები, მაგალითად, ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან, რითაც მოიპოვეს იმ მოსახლეობის ნდობა, რომელსაც საბანკო ბარათები არ გააჩნდა.
კომპანიის ზრდა დააჩქარა ამერიკული საცალო ვაჭრობის გიგანტის, Walmart-ის მიერ საკონტროლო პაკეტის შესყიდვამ. ეს სინერგია Flipkart-ს აძლევს საშუალებას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია Amazon-ს გაუწიოს.
SHEIN - ჩინეთი – 215+ მილიონი მომხმარებელი
მეოთხე ადგილზეა SHEIN, რომელსაც ყოველთვიურად 215 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. თუ ადრე "სწრაფი მოდის" მეფეებად Zara და H&M ითვლებოდნენ, SHEIN-მა ახალი კატეგორია შექმნა - "მოდა რეალურ დროში" (Real-time Fashion): კომპანია ტენდენციების გამოსავლენად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ყოველდღიურად ათასობით ახალ მოდელს მცირე პარტიებად უშვებს. თუ ნივთი კარგად იყიდება, წარმოებაც მყისიერად იზრდება.
Temu - ჩინეთი – 246 მილიონი მომხმარებელი
ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია რეიტინგში Temu-ა, 246 მილიონი აქტიური მომხმარებლით. Temu-ს სტრატეგია შუამავლების სრულ იგნორირებას ეფუძნება. ის მომხმარებელს ჩინურ ქარხნებთან პირდაპირ აკავშირებს, რაც დაბალ ფასებს განაპირობებს. Temu-ს წარმატებას ისიც განაპირობებს, რომ აპლიკაცია ვიდეო თამაშს ჰგავს - მომხმარებლები ატრიალებენ "იღბლიან ბორბალს", აგროვებენ კუპონებს და იღებენ უფასო საჩუქრებს. ეს ფსიქოლოგიური ხრიკები აპლიკაციაში გატარებულ დროს და ჩართულობას მკვეთრად ზრდის.
Shopee - სინგაპური – 393 მილიონი მომხმარებელი
მეორე პოზიციას Shopee იკავებს, ყოველთვიურად 393 მილიონი მომხმარებლით. ის უპირობო ლიდერია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში, ფილიპინებსა თუ ტაილანდში, და წარმატებით იკავებს ლათინური ამერიკის ბაზარსაც. Shopee-მ პირველმა დანერგა კონცეფცია, რომელსაც "შოპინგ-გართობა" ჰქვია. აპლიკაცია აერთიანებს ლაივ-სტრიმებს, სადაც გამყიდველები რეალურ დროში აჩვენებენ პროდუქტს, ასევე ინტეგრირებულ თამაშებსა და სოციალურ ქსელს.
Amazon - აშშ – 651 მილიონი მომხმარებელი
ლიდერის ტიტული კვლავ Amazon-ს ეკუთვნის. 651-მილიონიანი აუდიტორიით ის თითქმის ორჯერ უსწრებს მეორეადგილოსან პლატფორმას და ერთადერთი დასავლური კომპანიაა ტოპ-სამეულში. Amazon-ის მთავარი უპირატესობა არა ყველაზე დაბალი ფასი, არამედ სერვისის შეუცვლელი ხარისხია. Amazon Prime-ის წევრობა, რომელიც სწრაფ (ხშირად იმავე დღეს) უფასო მიწოდებას გულისხმობს, ქმნის ლოიალობის ისეთ დონეს, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა რთულია.

ეს რეიტინგი ნათლად ამტკიცებს, რომ კომპიუტერთან ჯდომის დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად მოსახერხებელია მისი აპლიკაცია ტელეფონში. სმარტფონი იქცა ჩვენს მთავარ საფულედაც და სუპერმარკეტადაც, რამაც ტრადიციული ელექტრონული ვაჭრობა სრულად გარდაქმნა.




























