"ელექტროსადგურთა წინასამშენებლო ფაზის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებები", - ასე ჰქვია იურისტის, GIPA-ს ლექტორ ლევან კოკაიას მიერ მომზადებულ მასალას, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
წინამდებარე სტატიის ფარგლებში ორ საკითხს მიმოვიხილავ:
1. განახლებადი ენერგიების წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურთა წინასამშენებლო ფაზის დროს (შემდგომში, სტატიაში დროის აღნიშნული მონაკვეთი ნახსენები იქნება, როგორც „წინასამშენებლო ფაზა“) ინვესტორის მიერ გაწეული სამუშაოს და გაღებული დანახარჯების კვალიფიცირებას, როგორც ინვესტიციას და მისი სამართლებრივი დაცვის საშუალებებს;
2. საქართველოში განახლებადი ენერგიების წახალისების მიზნით ინვესტიციების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებით მექანიზმებს. სტატიის ორივე ნაწილის ბოლოს თემატურად შესაბამისი რეკომენდაციებია წარმოდგენილი.
1. პროექტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა
1.1 წინასამშენებლო ფაზის ფარგლებში წარსადგენი კვლევები
ვიდრე გაირკვეოდეს, თუ რამდენად განეკუთვნება წინასამშენებლო ფაზის ფარგლებში წარდგენილი თითოეული კვლევა ინტელექტუალურ საკუთრებას, მანამდე დასადგენია იმ ძირითადი კვლევების ჩამონათვალი, რისი ჩატარება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში წარდგენა დაინტერესებულ ინვესტორს ევალება.
კერძოდ, ეს კვლევებია: პოტენციური ელექტროსადგურის პროექტის შესახებ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; ჰიდროლოგიური და მეტროლოგიური მონაცემები; პირველადი მონაცემები გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
(„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N 556-ე დადგენილების მუხლი 8.1.2).
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კვლევა ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, ვინაიდან ის იქმნება ამა-თუ იმ ავტორის მიერ, არის ავტონომიური და ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს. თავის მხრივ კი კვლევა, როგორც ინტელექტუალური შემოქმედებითი პროდუქტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კონვენციებით არის დაცული.
1.2 ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ინვესტიცია
1.2.1 საკანონმდებლო მიდგომა
დასადგენია ქართული შიდა ეროვნული კანონმდებლობით და ენერგეტიკული ქარტიით ინტელექტუალური საკუთრება რამდენად განეკუთვნება ინვესტიციას.
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით: სხვა საშუალებებთან ერთად „ინვესტიციად მიიჩნევა: ... „ნოუ-ჰაუ“, გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური ფასეულობა; კანონით აღიარებული სხვა ქონებრივი ან ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება“. (მუხლი 1.2.გ.დ). ასევე, ინვესტიციიდან მიღებული შემოსავალი და სხვა ფულადი სახსრები შეიძლება იყოს „ქონების სარგებლობის უფლების გადასახადი, რომელიც წინასწარ განისაზღვრება, როგორც სხვისი ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, საავტორო უფლებების, პატენტის გამოყენებით მიღებული შემოსავლის პროცენტი“ (მუხლი 3.6.დ).
1.2.2 ენერგეტიკული ქარტიის მიდგომა
საქართველო ენერგეტიკული ქარტიის წევრია 1995 წლიდან. ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების დაცვა ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ენერგეტიკული ქარტიით მაღალი ხარისხით არის რეგულირებული.
ქარტიის მიხედვით „ინვესტიცია“ ყველა სახის აქტივს გულისხმობს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ინვესტორი და რომელიც სხვა საშუალებებთან ერთად ინტელექტუალურ საკუთრებასაც მოიცავს. (I ნაწილი, მუხლი 1.6). გარდა ამისა, „ინტელექტუალური საკუთრება“ მოიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, სამრეწველო ნიმუშებს, პატენტებს, დიზაინს და გაურკვეველი ინფორმაციის დაცვას. წევრი ქვეყნები აღიარებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტური დაცვის აუცილებლობას საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“. (I ნაწილი, მუხლი 1.12.გ.დ.ვ).
როგორც ენერგეტიკული ქარტიით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ელექტროსადგურთა წინასამშენებლო ფაზის ფარგლებში განხორციელებული კვლევები ინვესტიციად განიხილება.
1.3 წინასამშენებლო ფაზის ფარგლებში ინვესტიციათა დაცვის ხარისხი საქართველოში
საქართველოს მთავრობის N556-ე დადგენილების მიხედვით: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ეტაპზე, თუ კომპანიაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება მთლიანი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის 50 პროცენტს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების მოქმედება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გამოთხოვა და პროექტი და შესაბამისი ქონება (მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება) გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში. (მუხლი 9.6).
ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებაში ანალოგიურ პირობას მოიცავს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის N 515-ე დადგენილებაც: „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ (მუხლი 7.7). ინტელექტუალური საკუთრება სათანადოდ უნდა იყოს დაცული, რადგანაც პროექტის დამგეგმავი ზემოაღნიშნული კვლევების სპეციფიკით გამოირჩევა მისი ინდივიდუალურობით. შედეგად, კონკურენტულ გარემოში პროექტზე ინტელექტუალური
საკუთრების უფლების ჩამორთმევა ინვესტიციის უსაფრთხოებას არსებით საფრთხეს უქმნის.
1.4 რეკომენდაცია წინასამშენებლო ფაზის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის
დასაცავად
მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილებათა საფუძველზე ინვესტიციის ჩამორთმევა ეწინააღმდეგება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების“ შესახებ საქართველოს კანონის შემდეგ დანაწესს: „ინვესტიციის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით“ (მუხლი 7.2). გარდა ამისა, ენერგეტიკული ქარტია მის თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ავალდებულებს, რომ მათ წაახალისონ და შექმნან სტაბილური, სამართლიანი, ხელსაყრელი და გამჭვირვალე პირობები სხვა ხელშემკვრელ მხარეთა
ინვესტორებისთვის, რომ მათ საკუთარ ტერიტორიებზე ინვესტიციები განახორციელონ (ნაწილი III, მუხლი 10.1). ინვესტიციათა დაცვის არსებული სტანდარტი მკვეთრად ეწინააღმდეგება ენერგეტიკული ქარტიის მიდგომასაც. საგულისხმოა, რომ მთავრობის დადგენილებათა საფუძველზე დაინტერესებულ პირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეიძლება ხელშეკრულება/მემორანდუმი დაიდოს. სამწუხაროდ ეს დადგენილებები არ მოიცავენ იმ პირობას, რაც იმაზე მინიშნებას გააკეთებდა, რომ
ხელშეკრულებაში/მემორანდუმში მაღალი ხარისხით იყოს წარმოდგენილი წინასამშენებლო
ფაზის დროს განხორციელებულ ინვესტიციათა დაცვა.
თუ ვასკვნით, რომ წინასამშენებლო ფაზის დროს განხორციელებული კვლევები ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენენ, რაც ეროვნული კანონმდებლობით და ენერგეტიკული ქარტიით ინვესტიციას წარმოადგენენ, შესაბამისად დგება იმის საჭიროება, რომ ინვესტიციის დაცვის მაღალი სტანდარტი კანონქვემდებარე აქტებითაც იყოს გაწერილი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობის მითითებულ დადგენილებებში, მით უფრო, რომ საერთაშორისო აქტები და ხელშეკრულებები და საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან მიმართებით იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტებია.
2. ინვესტორის მხარდაჭერის დასამატებელი მექანიზმები
2.1 პრობლემის აღწერა
საქართველოში 5 მეგავატი ან მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურების, ხოლო რიგ შემთხვევებში კი 2-დან 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურების აშენება მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება. თავის მხრივ, ეს მდგომარეობა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევისთვის არსებითი შემაფერხებელი ფაქტორია და რაც წინასამშენებლო ფაზაში განხორციელებულ ინვესტიციათა ღირებულების ანულირებასაც იწვევს. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ მათ ასაშენებლად განკუთვნილი სამშენებლო ნებართვის გაცემის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება, რასაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“) გასცემს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის (შემდგომში „კოდექსი“) მიხედვით „თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ლიცენზია/ნებართვა, აღნიშნული შეიძლება ძალაში შევიდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ“. (მუხლი 5.2). თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილების გაცემა სააგენტოს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში „გზშ“) ანგარიშის მხედველობაში მიღებით ხდება. გზშ ეს არის შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს და რომელსაც მრავალ საქმიანობათა შორის ზემოაღნიშნულ სიმძლავრეებზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია მიეკუთვნება (კოდექსის
მუხლი 3.დ; კოდექსის I დანართის 25-ე პუნქტი, II დანართის 3.8 პუნქტი). გზშ-ს ანგარიში სხვა ინფორმაციასთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების და შენიშვნების შეფასებას უნდა მოიცავდეს, რაც დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით საჯარო განხილვების გზით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კვლევები, რომლებიც გზშ-ს ანგარიშში აისახება, ჩვეულებრივ ინტელექტუალურ საკუთრებას მიეკუთვნებიან.
ახალ ჰიდროელექტროსადგურთა აშენების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ძალიან ხშირად, სააგენტოს მიერ შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები არ გამოიცემა, ვინაიდან საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საჯარო განხილვებზე ცალკეული ენერგეტიკული პროექტის განხორციელების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ფიქსირდება. სამწუხაროდ კოდექსით ორაზროვნად არის მოწესრიგებული საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სავალდებულოა საჯარო განხილვების დროს დაფიქსირებულ შენიშვნათა გაზიარება. ერთ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ (მუხლი 5.11 1 ), ხოლო მეორე შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ (მუხლი 13.3.ა).
გარდა ამისა, კოდექსი არ არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კრიტერიუმები, რასაც სააგენტო დაფიქსირებულ შენიშვნათა დამაჯერებლობის და ობიექტურობის შეფასებისას დაყრდნობოდა; სააგენტოს ვალდებულება მიიღოს ცალსახა გადაწყვეტილება ისეთ დროს, როდესაც
საზოგადოების გარკვეული ნაწილი დადებითად, ხოლო ნაწილი კი უარყოფითად აფასებს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობას. კერძოდ, საჯარო განხილვების დროს მონაწილე პირთა ხმათა რა პროპორციით უნდა შეფასდეს პროექტის საჭიროება და შესაბამისად, ხმათა გარკვეული რაოდენობა რამდენად საკმარისი ან/და სავალდებულოდ გასათვალისწინებელი უნდა იყოს სააგენტოსთვის; შემთხვევა, როდესაც პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე პირთა დაკვეთით ალტერნატიული კვლევა ჩატარდა, რომელმაც ასეთი კვლევის ინიციატორთა მოსაზრებებისგან განსხვავებული შედეგები დაადგინა. მოცემულ შემთხვევაში, კოდექსით არაორაზროვნად პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - ასეთ შემთხვევაში სააგენტო კვლავ მოწინააღმდეგე პირთა მოსაზრებებს, თუ ალტერნატიული კვლევის შედეგებს დაეყრდნობოდა? ამავდროულად, თუ ალტერნატიული კვლევის შედეგები ინვესტორის მიერ
ჩატარებული კვლევის შედეგებს ნაწილობრივ იზიარებს, ნაწილობრივ კი განსხვავებულ
პოზიციას აყალიბებს, ასეთ დროს კვლევის რომელი შედეგით/შედეგებით უნდა
იხელმძღვანელოს სააგენტომ და რატომ.
2.2 რეკომენდაციები
ზემაღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შემდეგ რეკომენდაციებს წარმოვადგენ:
1) კოდექსით გაიწეროს დებულება, რომელიც სააგენტოსთვის საჯარო განხილვათა შედეგების სარეკომენდაციო ხასიათს განსაზღვრავს;
2) კოდექსის ფარგლებში შემუშავდეს ყველა ის ნორმა, რაც საჯარო განხილვათა შეფასების ობიექტურ და დამაჯერებელ კრიტერიუმებს დაადგენს, ასევე დაარეგულირებს ალტერნატიული კვლევების ჩატარების შეფასების შედეგებს და საჯარო განხილვების ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებათა რაოდენობრივ პროპორციებს;
3) იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება ლიცენზიების/ნებართვების გაცემის წინაპირობაა და აგრეთვე, არაერთი პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის აშენება საჯარო განხილვების ნეგატიური შედეგების გამო შეფერხდა, საქართველოს მთავრობის 515-ე დადგენილებაში და კოდექსში გაიწეროს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვალდებულებები, რომელთა მიხედვით სამინისტრო განახლებადი ენერგიების მიმართულებით დაინტერესებულ ინვესტორებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაში მიეხმარება.
ლევან კოკაია
ავტორის შესახებ: ლევან კოკაია არის კორპორაციული იურისტი ჩეხურ ჰიდროელექტროენერგეტიკულ კომპანიაში, ასოცირებული იურისტი იურიდიულ კომპანიაში სუქნიძე და პარტნიორები. სამართლის
მაგისტრი. 50-ზე მეტი გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი. მოწვეული ლექტორი და
ტრენერი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).