მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის შემნახველთა სამართლებრივი რეგულირება ევროდირექტივისა და ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე

ლევან კოკაია
21.02.24 18:03
789

შესავალი

2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556-ე დადგენილებაში. ერთ-ერთ ძირითად სიახლეს წარმოადგენს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის (სტატიაში ქვემოთ გამოყენებული იქნება ტერმინი „შემნახველი“ ან „დამაგროვებელი“) ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა. კერძოდ, ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ 1 საათიდან 4 საათამდე, 4 საათიდან 8 საათამდე ან 8 საათითა და მეტით რეგულირების ფუნქცია და გამოყენებულ უნდა იქნეს ქარის ან მზის ელექტროსადგურებთან ერთად, რომლის ტექნიკური შესაბამისობის დასადასტურებლად აუცილებელია, რომ შემნახველი მოწყობილობის დამონტაჟების მსურველმა კომპანიამ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო-სისტემიდან“ წარმოადგინოს შესაბამისი წერილი. ასევე განისაზღვრა მითითება შემნახველი მოწყობილობების რეგულირების ფუნქციების შენარჩუნების ვალდებულების შესახებ. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობა შემნახველების თაობაზე რაიმე სხვა სახის მითითებას არ მოიცავს.

შემნახველ მოწყობილობებთან დაკავშირებით, წინამდებარე სტატიაში ევროპის კავშირის 11 ქვეყნის მაგალითზე დახასიათებულია მათი სამართლებრივი რეგულირების ძირითადი პირობები, ისევე, როგორც წარმოდგენილია „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების“ შესახებ 2019 წლის 5 ივნისის ევროდირექტივის (2019/944/EU) (შემდგომში „დირექტივა“) მითითებები.

გერმანია

გერმანიის კანონმდებლობით კომპანიები, რომლებიც შემნახველთა ექსპლუატაციას ახორციელებენ, ელექტროენერგიის განაწილების ან/და გადამცემი სისტემების სასარგებლოდ მათი მომსახურებისთვის შესაბამისი მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ. აღნიშნულის მიუხედავად, გერმანიის ფედერალური ენერგეტიკული ინდუსტრიის აქტი ქსელით სარგებლობისთვის განკუთვნილი ტარიფების გადახდის ვალდებულებისაგან ყველა იმ დამაგროვებელ ობიექტს ათავისუფლებს, რომლებიც 2008 წლის 31 დეკემბრის შემდგომ პერიოდში აშენდა და ექსპლუატაციაში 15 წლის განმავლობაში შევიდა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ელექტროენერგია ელექტრო, ქიმიურ, მექანიკურ ან ფიზიკურ საწყობში ინახება და იგი იმავე განაწილების ან გადაცემის სისტემას ხელახლა მიეწოდება. სატარიფო შეღავათთან დაკავშირებით სპეციალური წესები ვრცელდება სატუმბ ჰიდრო დამაგროვებლებზე, რომლებიც ქსელით სარგებლობისთვის განკუთვნილი ცალკე ტარიფის გადახდის ვალდებულებისგან არიან გათავისუფლებულნი და ისინი აღნიშნულს საერთო წესით მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებისთვის და ქსელით ზოგადი სარგებლობისთვის იხდიან. გარდა ამისა, გერმანიის განახლებადი ენერგიების წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მარეგულირებელი აქტი ათავისუფლებს რაიმე სახის მოსაკრებლის გადახდისგან იმ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიას, რომელიც დროებითი კონსერვაციისთვის იყო განკუთვნილი.

შემოთავაზებულია საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება სტაციონარული ბატარეის ტიპის ელექტროენერგიის შემნახველი განიხილოს, როგორც ქსელის ნაწილი, თუ ელექტროენერგია მხოლოდ დროებით ინახება და ქსელს კვლავინდებურად მიეწოდება. ამ შემთხვევაში ბატარეის შემნახველ კომპანიას ქსელით სარგებლობისთვის გადასახადის გადახდა არ დაეკისრება.

საფრანგეთი

საფრანგეთში სავალდებულოა არსებულ დამაგროვებელთა რეგისტრაცია იგივე წესით განხორციელდეს, როგორც ეს გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შემთხვევაში ხდება, ასევე კანონმდებლობა საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის ქვეშ დამაგროვებლის მიერ გადაცემულ ელექტროენერგიასაც მოიაზრებს.

2019 წლის 11 სექტემბერს, საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ორგანომ ელექტროენერგიის შემნახველების შესახებ გამოაქვეყნა გეგმა იმისათვის, რომ შეიქმნას დარგის მარეგულირებელი სათანადო სამართლებრივი, ტექნიკური და ეკონომიკური ჩარჩო. აღნიშნულმა შესაძლებელი უნდა გახადოს ელექტროენერგიის გრძელვადიანი დაგროვების შესაძლებლობა და რაც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საფრანგეთის მრავალწლიანი ენერგეტიკული პროგრამის მიზნებთან.

ესპანეთი

ჰიდროელექტროსადგურის პროექტებიდან მომდინარე, დამაგროვებლები ვალდებულნი არიან, რომ საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამის ლიცენზიას ფლობდნენ. სალიცენზიო საქმიანობასთან დამაგროვებლების შესაბამისობა მოიცავს უსაფრთხოების სათანადო ნორმების დაცვას, მარეგულირებელი ორგანოსთვის ინფორმაციის სისტემატიურ გადაცემას და შესაბამისი მოსაკრებლის პერმანენტულ გადახდას.

კანონმდებლობა მზის ენერგიის პროექტებისთვის და მათ შორის დამაგროვებლებისთვის აწესებს ფინანსურ ვალდებულებებს, რაც მოიცავს ელექტროენერგიის თვითმოხმარების ორ კატეგორიას: 1. როდესაც შემნახველები მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის არიან განკუთვნილი და 2. როდესაც შემნახველები საკუთარი მოხმარებისთვის არიან განკუთვნილი, მაგრამ ისინი ასევე უკავშირდებიან ქსელს და შეუძლიათ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელონ. მეორე შემთხვევაში პროექტები დაბეგვრას და სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარებიან.

იტალია

შემნახველი სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ იტალიის დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. 2020 წლის 21 იანვარს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ენერგოეფექტურობის, განახლებადი წყაროების განვითარებისა და CO2-ის ემისიების შემცირების მიზნებს ემსახურება. დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია იტალიაში ენერგიის შემნახველი სისტემის დანერგვის გარეშე. ეროვნული გეგმის მიხედვით, შემნახველი სისტემების მიმართ იტალიის მზარდი საჭიროება განსაკუთრებით აშკარაა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, სადაც განახლებადი ენერგიის მრავალი სადგური აშენდა. ელექტროსადგურებთან დამაგროვებელი სისტემების ინტეგრაცია განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მეტ ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხს გაზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ელექტროენერგიის შემნახველთა ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება, მისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა ფრაგმენტულია და ბაზრის ყველა ძირითად მახასიათებელს სრულად არ მოიცავს. არსებული კანონმდებლობით, ელექტროენერგიის წყვეტილი გენერაციის გაზრდის მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა ელექტროენერგიის შენახვის სისტემები განავითაროს. ერთადერთი საკითხი, რაც ცხადად იტალიის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტით რეგულირდება, არის დამაგროვებლების მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესაძლებლობა.

ავსტრია

ავსტრიას შემნახველთა შესახებ ცალკე საკანონმდებლო რეგულირება არ გააჩნია, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივ აქტში სატუმბი-დამაგროვებლების შესახებ არის მითითებული. მათ მიხედვით: სატუმბი ელექტროსადგური კვალიფიცირდება, როგორც ენერგიის გენერატორი და მისი ტექნიკური და საექსპლუატაციო პარამეტრები შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი სახის პროექტებს ჩვეულებრივ უნდა გააჩნდეთ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია. ასევე, შემნახველთა ექსპლუატაციისთვის მოქმედებს გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათები.

ჩეხეთი

ამჟამად ჩეხეთში დამაგროვებლები ელექტროენერგიის მწარმოებლებს უთანაბრდებიან და ისინი თანაბარწილად სახელმწიფო ლიცენზირებას ექვემდებარებიან. ჰიდროელექტროსადგურთა სატუმბი პროექტებისგან განსხვავებით, ჩეხეთის მთავრობა მზის იმ ფოტოელექტრონული პანელების დამონტაჟებას სუბსიდიით ამარაგებს, რომლებიც მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენება. სუბსიდიები გათვალისწინებულია „ახალი მწვანე დანაზოგების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფონდი უწევს ადმინისტრირებას. სამომავლოდ ნავარაუდევია, რომ დამაგროვებლები გარკვეულ საკანონმდებლო რეგულირებას დაექვემდებარებიან, განსაკუთრებით კი განცალკევებულ ლიცენზირებასთან, ქსელთან მიერთებასთან და შესაბამის სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებით. აგრეთვე არსებობს მოლოდინი, რომ ასევე დარეგულირდება შემნახველთა მიერ გაცემული ელექტროენერგიის გაყიდვის ახალი საბაზრო წესები, სადაც ბაზრის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები დეტალურად აისახება.

ბელგია

2014 წელს შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კონცესიებს სატუმბი ჰიდროსაცავის პროექტების მშენებლობის და ექსპლუატაციისთვის. გაჩნდა იმის საჭიროება, რომ დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელიც ოფშორული ზონის გარეთ დაარეგულირებს დამაგროვებლებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს. კერძოდ, გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები: 1) ახალმა კანონმდებლობამ უზრუნველყოს დამაგროვებელთა ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსასაზღვრა, განსაკუთრებით სატარიფო და საგადასახადო რეჟიმების დასადგენად. ამჟამად დამაგროვებელთა შემთხვევაში შესაბამისი ტარიფი დადგენილია როგორც მათ მოხმარებაზე, ასევე საწარმოო საქმიანობაზე; 2) შემუშავდეს ქსელის დანაკარგების გამოთვლის მეთოდოლოგია და განისაზღვროს დანაკარგთა სათანადო კომპენსირება; 3) მწვანე სერტიფიკატების აღების ვალდებულებისგან გათავისუფლდეს თითოეული დამაგროვებელი, ვინაიდან ის არსებული კანონმდებლობით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტს უთანაბრდება.

ბულგარეთი

ელექტროენერგიის დაგროვება ცალკე საკანონმდებლო აქტით არ რეგულირდება. მიუხედავად ამისა, მიმდინარე ეტაპზე ბულგარეთის კანონმდებლობა მეტ ყურადღებას ენერგოეფექტურობის საკითხს უთმობს. შესაბამის სახელმწიფო უწყებას „ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ განახლებადი ენერგიისა და მის შენახვასთან დაკავშირებით დამატებითი ფუნქციები დაეკისრა. ერთ-ერთ გამოწვევად ბულგარეთში არსებული ელექტროენერგიის ფასის შერეული სუბსიდირების შესახებ საკითხი რჩება, რაც შემნახველ პროექტებში ინვესტირებას გარკვეულწილად აფერხებს.

რუმინეთი

რუმინეთის კანონმდებლობით შემნახველ მოწყობილობებზე მხოლოდ შემდეგი მითითებაა: 15 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და ექსპლუატაციის მიზნით ენერგორესურსების შესანახი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ელექტრო ქსელის დაბალანსების ღონისძიებათა გატარება. გარდა ამისა შემუშავებულია ენერგეტიკული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც რუმინეთის მთავრობა შემნახველი მოწყობილობების პოტენციალის გაზრდას ახალი სატუმბი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გზით აპირებს.

ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახულია შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რაც ერთიანად დაარეგულირებს შემნახველ მოწყობილობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

პოლონეთი

განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ კანონი დამაგროვებელს, როგორც სპეციალურ ობიექტს ან ობიექტთა სისტემად მოიხსენიებს, სადაც ტექნოლოგიური ან ქიმიური პროცესების შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის დარეზერვება ხდება. კანონი შესანახ ობიექტს განახლებადი ენერგიის წყაროს ინსტალაციის ნაწილს უთანაბრებს და შესაბამისად, მას ყველა იმ ვალდებულებას თანაბარწილად უწესებს, რაც ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის არის გათვალისწინებული.

სლოვენია

2019 წელს სლოვენიაში, ქალაქ ესენიცეში ექსპლუატაციაში შევიდა 12.8 მგვ სიმძლავრის მქონე შემნახველი ბატარეა, რომელიც მედიის მიხედვით იმ დროისთვის ყველაზე ტევადი ბატარეა იყო ევროპის მასშტაბით. ასევე, ქალაქ კიდრიჩევოში დამონტაჟდა 15 მგვ. სიმძლავრის მქონე შემნახველი ბატარეა. ორივე ელემენტი დაკავშირებულია გადამცემ ქსელთან და ფარავს სლოვენიის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დიდ წილს ელექტროენერგიის ე.წ. მეორეულ რეგულირებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, სლოვენიის კანონმდებლობაც არ მოიცავს დამაგროვებელთა შესახებ რაიმე სპეციალურ საკანონმდებლო რეგულირებას, თუმცა არსებობს „ელექტროენერგიის მიწოდების“ შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც დამაგროვებელად განიხილება ობიექტი, სადაც შესაძლებელია უკვე გამომუშავებული ელექტროენერგიის დარეზერვება და რომლის მეშვეობითაც იმ ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარება ხდება, რომლის გამომუშავებაც მოხდა გარკვეული პერიოდით ადრე, ვიდრე ამას ჩვეულებრივ განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მაგენერირებელი ნებისმიერი სადგური წარმოქმნიდა.

პროექტის მიხედვით მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ფლობენ ენერგიის შესანახ ობიექტებს, ქსელით სარგებლობისთვის ან ელექტროენერგიის გადაცემისთვის რაიმე სახის გადასახადი არ დაეკისრებათ. ეს მოიცავს ელექტროენერგიის როგორც შენახვას, ასევე გადაცემას.

სისტემის ოპერატორს არ მიეცემა უფლება ფლობდეს, განავითაროს, აწარმოოს ან მართოს დამაგროვებელი ობიექტები. გამონაკლისები მხოლოდ წინასწარ დადგენილი პირობებით და მარეგულირებელი სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით დაიშვება. მაგალითად, როდესაც გამოცხადებული ტენდერის შედეგი ადასტურებს, რომ ინვესტორთა მხრიდან დაინტერესება არ არის.

პროექტი ითვალისწინებს, რომ სისტემის ოპერატორს არ უნდა ჰქონდეს უფლება ქსელის შესაძლო სამომავლო შეზღუდვის საფუძვლით უარი თქვას ენერგიის შესანახი ობიექტის ქსელთან მიერთებაზე.

ევროდირექტივის მიდგომა

დირექტივის მიხედვით: ემისიებისგან თავისუფალი მწვანე ენერგიის გამომუშავების უზრუნველსაყოფად საყურადღებოა სეზონური წესით გამომუშავებული ელექტროენერგიის სათანადო წესით დაგროვება. მსგავსი სახით ელექტროენერგიის შენახვა იმ ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ელექტროენერგიის დაბალანსების მოკლევადიან და სეზონურ კორექტირებას უზრუნველყოფს, რაც განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების სხვადასხვა მოცულობათა შესაძლო ცვალებადობის საპირწონედ, წარმოქმნილ მეტ-ნაკლებად გაუთვალისწინებელ ვითარებებს გაუმკლავდება. (შესავალი ნაწილის 64-ე პუნქტი).

დირექტივა ხაზს უსვამს, რომ მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ მოიხმარონ, შეინახონ და წარმოებული ელექტროენერგია ბაზარზე თავისუფლად გაყიდონ. დირექტივით განსაზღვრულია აქტიური მომხმარებლის ცნება. ის განიმარტება, როგორც საბოლოო მომხმარებელი, ან ერთობლივად მოქმედი საბოლოო მომხმარებლების ჯგუფი, რომლებიც მოიხმარენ ან/და ინახავენ იმ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, რაც დარეზერვებულია ცალკე ობიექტის სახით. ამასთან დაკავშირებით ერთადერთი შეზღუდვა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული საქმიანობა არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ასეთი აქტიური მომხმარებლის მაგალითია იმ სახლის მესაკუთრე, რომლის სახურავზეც დამონტაჟებულია მზის ელექტროსადგური, ასევე ელექტროენერგიის შესანახი ბატარეის სისტემა. ამ გზით, შესაბამის დროს მომხმარებელი შეძლებს საკუთარი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება მის მიერვე შენახული ელექტროენერგიის მეშვეობით დაიკმაყოფილოს, რითაც ის ქსელზე დატვირთვას შეამცირებს და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. (შესავალი ნაწილის 42-ე პუნქტი). უფრო მეტიც, დირექტივის მიხედვით, წევრ სახელმწიფოთა მიმართ გაცხადებულია ვალდებულება, რომ მათ ის აქტიური მომხმარებლები, რომლებიც შემნახველ ობიექტებს ფლობენ, გაათავისუფლონ ორმაგი დაბეგვრისაგან, მათ შორის ქსელით სარგებლობის გადახდის ვალდებულებისაგან. (მუხლი 15.5 (ბ)).

ლევან კოკაია

ავტორის შესახებ: ლევან კოკაია არის ა(ა)იპ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) იურისტი და ჩეხური ჰიდროელექტროენერგეტიკული კომპანიის კორპორაციული იურისტი. სამართლის მაგისტრი, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი. 50-ზე მეტი გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი. მოწვეული ლექტორი და ტრენერი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები