„აქციზთან ერთად რეგულაციური თავისუფლებები ელექტრო სიგარეტებისთვის უნდა გაჩნდეს“, - ამის შესახებ BM.GE-ის British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ გუშინ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ელექტროსიგარეტებთან მიმართებაში გარკვეული სირთულეებია.
როგორც ზვიად სხვიტარიძე საუბრისას განმარტავს, თამბაქოსთვის და ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისთვის მათი მავნებლობიდან გამომდინარე როგორც აქციზი, ასევე რეგულაციები განსხვავებული უნდა იყოს.
„ჩვეულებრივი თამბაქოსთვის და ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისთვის დაბეგვრის რეჟიმი განსხვავებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სიგარეტი იწვის და წვის შედეგად გამოიყოფა დაახლოებით 150 მავნე ნივთიერება, ნიკოტინის შემცველობის პროდუქტების შემთხვევაში, ისეთი როგორიც არის აორთქლებადი სითხეები 97%-ით ნაკლები მაჩვენებელი გვაქვს, მაგალითად ჩვენი Vipe და Vuse ნაკლებ მავნე ნივთიერებას გამოყოფენ, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.
გახურებად და ჩვეულებრივ თამბაქოსთან მიმართებით რეგულაციები და სააქციზო პოლიტიკა ერთიდაიგივეა, რაც ასე არ უნდა იყოს“, - განაცხადა British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით კი ევროპულ ქვეყნებში დაბეგვრის რეჟიმი განსხვავებულია.
„რაც შეეხება ნიკოტინის შემცველი სითხეების ნაწილში მართალია აქციზი განსხვავებული და დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში. ჩვენი პროდუქტი მაგალითად Glo მოწევის დროს არ იწვის, არამედ ხურდება და მხოლოდ 9 მავნე ნივთიერება გამოიყოფა.
ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით კი ევროპულ ქვეყნებში დაბეგვრის რეჟიმი განსხვავებულია.
სავარაუდოდ მინისტრმა ალბათ იგულისხმა, რომ დაბეგვრის რეჟიმები უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ საქართველოში ამ მხრივ მიმზიდველი გარემო გახდეს, ისეთი როგორიც ევროპაშია სხვადასხვა ალტერნატიული, თანამედროვე სიგარეტის პროდუქტების შემოტანისას.
უნდა მოხდეს დაბეგვრის რეჟიმის და რეგულაციების კუთხით გადახედვა. სიგარეტის შემთხვევაში რეკლამა და მისი პრომოუშენი აკრძალულია, ეს არ უნდა იყოს ნიკოტონის შემცველობის პროდუქტებისთვის იგივე. ნიკოტინის პროდუქტები არის 97%-ით ნაკლებად მავნებელი და თვითონ აქციზის ბუნებიდან გამომდინარე ეს არის მომატებულ საფრთხის შემცველ პროდუქტთან დაკავშირებით დაწესებული გადასახადი. შესაბამისად, რაც უფრო მეტია საფრთხე, აქციზის გადასახადი მეტი უნდა იყოს, რაც უფრო ნაკლებია - ნაკლები.
აქციზთან, ერთად რეგულაციური თავისუფლებები უნდა გაჩნდეს ელექტრო სიგარეტებისთვის“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.