თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რესტორნებში გარკვეული დარღვევები შეინიშნება. გიორგი მაღრაძის თქმით, დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები, ფაქტობრივად, გაკრული არ არის, მათ ნაწილში კი ელექტროსიგარეტს შიდა სივრცეში ეწევიან.
"ბოლო პერიოდში ყურადღება საკმაოდ მოდუნებულია. ეს იმითაც გამოიხატება, რომ ნებისმიერი ობიექტი ვალდებულია შესასვლელში და შიდა სივრცეში მოწევის ამკრძალავი ნიშნები გამოკრული ჰქონდეს, რაც თითქმის ვეღარ ვხვდებით. მით უმეტეს პანდემიის შემდეგ, როდესაც სივრცეები გაარემონტეს და ფართზე ნიშნებს არ აკრავენ. მეორე მხრივ, გარკვეულწილად გაჩნდა ტენდენცია, რომ სიგარეტის მოწევის აკრძალვის ნორმებს იცავენ, თუმცა ახალი პროდუქტების , ელექტრო სიგარეტის ან გასახურებელი თამბაქოს მიმართ ადმინისტრაციები უფრო ლოიალურები არიან. ხშირად გვსმენია, რომ თითქოს არ იცოდნენ რომ აკრძალულია. რა თქმა უნდა, ვუკეთებთ განმარტებას, ვუხსნით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ფართომასშტაბიანი კამპანია ჩაატაროს, დაწესებულებებს ინფორმაცია მიაწოდოს", - აღნიშნავს გიორგი მაღრაძე.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი 2018 წელს ამოქმედდა. კანონის მიხედვით, მოწევა ნებადართულია მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, სიგარა ბარში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გამოყოფილ სპეციალურ ადგილას, წინასწარი დაკავების იზოლატორში. სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი უუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან და ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით არის.