"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე „საქართველოს ელექტროსისტემის“ პროექტების მიმდინარეობას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შარშან გარკვეული შეფერხებები იყო, დღეს თითქმის ყველა პროექტი აქტიურ ფაზაშია.
„პროექტები გაცილებით უკეთ მიდის, ვიდრე ეს იყო შარშან“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
bm.ge-მ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ელექტრო სისტემის პროექტებში შეფერხებაზე ჰკითხა - ხომ არ არის უკვე დაწყებული, ან ხომ არ დადგება დღის წესრიგში უშუალოდ სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი.
კაკაურიძის თქმით, შარშანდელი შეფერხებები სხვადასხვა ფაქტორებით იყო განპირობებული.
"გარკვეული პროექტები იყო შეფერხებული, ვინაიდან რიგ შემთხვევაში მოსახლეობასთან იყო პრობლემა, რიგ შემთხვევაში იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა დღეს უკვე თითქმის ყველა ეს პროექტი დაიწყო აქტიურ ფაზაშია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მომავალ წელს უფრო მაღალი ათვისება იქნება ელექტრო სისტემის პროექტებში", - განაცხადა კაკაურიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მონაცემების მიხედვით, სამინისტროებს შორის ათვისების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშია. წელს უწყების ბიუჯეტი 947 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უწყებას 9 თვეში 713 მილიონი ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა ფაქტობრივი შესრულება მხოლოდ 475 მილიონი ლარი იყო, რაც 9 თვის გეგმის 67%-ია. სამინისტროში ბიუჯეტის ათვისების ჩამორჩენაა ძირითადად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებით, რაზეც 100 მილიონი ლარის ნაცვლად 38 მილიონი ლარი დაიხარჯა.




























