მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მოქმედ ელევატორებში სულ 156.3 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რომლის 71.3% ხორბალი იყო.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების 2022 წლის მესამე კვარტალის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში 35 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც - 28.6% ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.
ელევატორების 22.9% ქ. თბილისში, 14.3% - კახეთის რეგიონში, 11.4% - შიდა ქართლში, 8.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5.7% - იმერეთში, 5.7% - გურიაში და 2.9% - აჭარაში ფუნქციონირებს.
ამ ხნის განმავლობაში მომსახურება 7 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგან შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 127 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 536 კაცით განისაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 93.5%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. ხოლო მათ მიერ 84.8 მლნ ლარის ღირებულების 73.8 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა, საიდანაც 40.1% საკუთარი წარმოების იყო.
საქსტატის მიხედვით, ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 88.9%. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში 43.5%, აგვისტოში - 42.9%, ხოლო სექტემბერში - 42.8% იყო.




























