მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eli Lilly $2.3 მილიარდად ონკოლოგიურ სტარტაპ Ajax Therapeutics-ს ყიდულობს

eli

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Eli Lilly-მ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია Ajax Therapeutics-ის შეძენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

გარიგების საერთო ღირებულებამ $2.3 მილიარდი შეადგინა, რასაც მყიდველი მხარე ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარავს. როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც წინასწარ გადახდას, ისე დამატებით ბონუსებს, რომლებსაც Ajax-ი კონკრეტული კლინიკური და მარეგულირებელი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებს.

ექსპერტების შეფასებით, ამ შენაძენით Eli Lilly საკუთარ ონკოლოგიურ პორტფელს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ცნობისთვის, Ajax Therapeutics-ის მთავარი აქტივი ექსპერიმენტული პრეპარატი AJ1-11095-ია, რომელიც დღეში ერთხელ მისაღები აბია. მედიკამენტი განკუთვნილია მიელოფიბროზის სამკურნალოდ, რაც იშვიათ და ქრონიკულ სისხლის კიბოს წარმოადგენს. ამასთან, კომპანია პრეპარატს პოლიციტემიის წინააღმდეგაც ცდის, რომლის დროსაც ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით წითელ უჯრედებს წარმოქმნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო პერიოდში Eli Lilly-მ კიბოს თერაპიის ახალი მეთოდების მოსაძიებლად აქტიური კამპანია დაიწყო. ამ სტრატეგიის ფარგლებში ფარმაცევტულმა გიგანტმა ისეთი კომპანიებიც შეისყიდა, როგორებიცაა: Scorpion Therapeutics-ი, Orna Therapeutics-ი და Kelonia Therapeutics-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები