საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა ბარნიეს მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას მხარს საფრანგეთის პარლამენტი. 30 ივნისს და 7 ივლისს გამართული არჩევნების შედეგად საფრანგეთის პარლამენტში ვერცერთმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღო.
ვინ არის მიშელ ბარნიე?
ბარნიე საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო გარემოს დაცვის მინისტრი 1993 წლიდან 1995 წლამდე. შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში 1995 წლიდან 1997 წლამდე. საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლიდან 2005 წლამდე და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი 2007 წლიდან 2009 წლამდე.
ევროკავშირის (EU) დონეზე, ბარნიე იყო ევროკომისარი შიდა ბაზრისა და მომსახურების საკითხებში 2010-2014 წლებში და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტი 2010 წლიდან 2015 წლამდე.
2016 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე იყო ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი. ის 2016-2021 წლებში „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.
2021 წლის აგვისტოში ბარნიემ გამოაცხადა, რომ იბრძოლებდა საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა 2021 წლის რესპუბლიკელების კონგრესზე.
საკუთარ წიგნში “დიდი ილუზია”, დიპლომატმა დეტალურად აღწერა მოლაპარაკებების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ ვერ გადაჭრა მრავალი საკითხი, მათ შორის ევროპელი მეთევზეების უფლებები დიდი ბრიტანეთის წყლებში.
საპრეზიდენტო მარათონისთვის ბრძოლაში კითხვაზე, რით განსხვავდება ის მაკრონისგან, ბარნიემ ახსენა ალპები, სადაც დაიბადა: “ამ მთიან რეგიონში ჩვენ ვიცით, რა არის გუნდი. მე ვიცი, რომ თოკში ჩაბმულ გუნდში ყველა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მჯერა, რომ ყველა მოქალაქე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში”.
ახლა, ბარნიე საკუთარი მთავრობის კაბინეტისთვის პარლამენტის მხარდაჭერას ელოდება, რის შემდეგაც მაკრონთან ერთად გუნდურად უნდა მართოს საფრანგეთი.