მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების გამარტივებას ითხოვს

პასპორტი

საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრირებული ქართველები საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და შენარჩუნების გამარტივებას ითხოვენ, რაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ BM.GE-ის ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, გერმანიაში ემიგრირებული გია გაგოშიძე ესაუბრა.

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ივლისში დაარეგისტრირა და გასულ წელსვე ამ საკითხის გასააქტიურებლად კომუნიკაცია ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ინიციატივის შესწავლასა და საკითხის განხილვის დაჩქარებას დაჰპირდნენ.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ საკანონმდებლო რეგულაციების გამარტივებაში ემიგრაციაში წასული ქართველების ყოფის და რეალობის გაზიარება იგულისხმება, თუმცა ამბობენ, რომ პროცედურები მარტივი არასდროს ყოფილა, რის გამოც ბევრმა ემიგრანტმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა და პროცედურული ბარიერების გამო მისი აღდგენისგან თავი შეიკავა. მათი შეფასებით, მოქმედ კანონში არსებობს რიგი რეგულაციები, რომლებიც ქართული ემიგრაციის საჭიროებებს ვერ პასუხობს და ემიგრანტებს პროცედურულ ბარიერებს უქმნით, რის გამოც რიგ შემთხვევაში ემიგრირებული პირები კარგავენ მოქალაქეობას.

„აღნიშნული რეგულაციები აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და ორმაგი მოქალაქეობის მიმართულებით საერთაშორისო ტენდენციებს, რადგან ეს პროცედურები 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე ხორციელდება, მათ შორის ისრაელში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულია როგორც სამაგალითო საკუთარ თანამემამულეებზე ზრუნვის საკითხში“, - აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფში.

ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონის მე-17 მუხლში, რომელიც ნატურალიზაციის მინიჭებას საგამონაკლისო წესით ითვალისწინებს, სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში შემდეგი გარემოებაც უნდა მიიღოს, კერძოდ კი სხვადასხვა დროს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასულ პირს თუ მოქალაქეობის აღდგენა სურს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აქვს, რაც გამართლებული არ არის. ინიციატორების აზრით, სოციალურ-ეკონომიკური გარემოებების გამო ემიგრაციაში წასულ ქართველებს, რომლებმაც დაკარგეს მოქალაქეობა, დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მსგავსი დაბრკოლება არ უნდა შეექმნას, რადგან მათ საქართველოს მოქალაქეობა დაბადებიდან ჰქონდათ მიღებული და მათთვის მის დასაბრუნებლად ნებისმიერი გამოცდისა და შემოწმების გავლა ლოგიკას მოკლებულია.

საინიციატივო ჯგუფის წევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ემიგრანტების უმრავლესობას საქართველოში ჰყავთ ნათესავები, წინაპრები და გააჩნიათ ქონებაც, რომელსაც მოქალაქეობის არ ქონის გამო ვერ იფორმებენ.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ინიციატივის ავტორთა აზრით კანონში უნდა შევიდეს, მე-18 მუხლს ეხება, რაც ითვალისწინებს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას იმ პირებისთვის, რომლებსაც მოქალაქეობა არამართლზომიერად, მოქალაქეობიდან გასვლით და მშობლების არჩევანის შედეგად შეუწყდათ. ამ გარემოებებიდან ბოლო ორის შემთხვევაში ემიგრანტებს ენის კომპეტენციის დადასტურება სჭირდებათ, რაც ცვლილებების ინიციატორთა აზრით, გაუმართლებელია.

საინიციატივო ჯგუფში გაუმართავად მიიჩნევენ 21¹ მუხლის მესამე პუნქტსაც და მისი რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობენ. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად დაბადებიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც მოიპოვა, საქართველოს მოქალაქეობა 18 წლამდე უნარჩუნდება და არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. ინიციატორები აცხადებენ: „კანონის ეს დათქმა ყოვლად მიუღებელია, რადგან ეს რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებზე უარს ავტომატურად ამბობს“ და განმარტავენ, რომ „რეგულაციის უსამართლობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არასრულწლოვანია არ აძლევს თავისი ნების დამოუკიდებლად გამოხატვის შესაძლებლობას, რადგან მან ეს ნება თავისი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით 18 წლამდე უნდა გამოხატოს, თუ მისი მშობლები არ ან ვერ გააკეთებენ ჩვენ კიდევ ერთ მოქალაქეს ვკარგავთ“.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 32²-ე მუხლი მუდმივი უნდა გახდეს, რადგან ის ადგენს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით წესს, ემიგრანტებისთვის, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ასევე აუცილებლად მიიჩნევენ, 2018 წლამდე არსებული წესის აღდგენას, რომელიც რიგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მაძიებლებისთვის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას იძლეოდა.

„რეგულაციების რეფორმირება ქართული ემიგრაციისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს გახდის უფრო მოქნილს და მეგობრულს. არსებული ცვლილებები იქნება მიმართული მოქალაქეების შენარჩუნებაზე და არა პირიქით. შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ მოცემული გარემოებები“, - ასე მიმართავდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტში დარეგისტრირებულ ცვლილებათა დოკუმენტში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს.

რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივა და როდის განიხილავს კომიტეტი აღნიშნულ ინიციატივას - ამ კითხვებით BM.GE-მ პარლამენტს მიმართა, სადაც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ დასკვნა საკანონმდებლო წინადადების ავტორს გაეგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები