ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.
კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.
„ დღეს განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქართველი ხალხის დიდ გულშემატკივართან და უკვე ჩვენს მეგობართან, კონგრესმენ Joe Wilson-თან, რომელსაც ხალხის რჩეული, გამარჯვებული ოპოზიციის ერთობლივი დოკუმენტი გადავეცით.
კონგრესმენი საქართველოს მართლაც რომ დიდი გულშემატკივარია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზედმიწევნით დეტალური ინფორმაცია აქვს, კაბინეტში საქართველოს დროშაც უკიდია და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდამჭერია.
ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია - აღდგეს კონსტიტუციური სამართალი და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს!
ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებულ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება", - დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.




























