საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკული დოლარი პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა. გლობალური ვაჭრობის 88%-ში სწორედ დოლარი გამოიყენება, საერთაშორისო ტრანზაქციების 75% ამერიკულ ვალუტაზე მოდის. საფინანსო ინსტიტუტებისა და ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვების 60% კი დოლარშია დენომინირებული. გარდა ამისა, მსოფლიოს მასშტაბით გაცემული ვალდებულებებისა და ობლიგაციების 59% სწორედ დოლარზე მოდის. პლანეტის ისტორიაში არცერთ სხვა ეროვნულ ვალუტას არასოდეს არ ჰქონია მსგავსი გავლენა და აღიარება, როგორიც დოლარს.
ყველაფერთან ერთად, დოლარი გლობალურ სარეზერვო ვალუტად მიიჩნევა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სუპერსახელმწიფოა, რომლის ეკონომიკა $27.5 ტრილიონს შეადგენს. ამერიკის სტაბილურობის მიმართ გლობალურ ინვესტორებს ურყევი ნდობა აქვთ, რასაც არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ამერიკა დემოკრატიული სახელმწიფოა, განვითარებული საფინანსო სისტემით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და თავდაცვის მექანიზმებით. ამერიკა ჭეშმარიტი ჰეგემონია, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს.
ამერიკული დოლარის მიმართ ნდობის დაკარგვის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს, თუმცა ჩინეთის მთავრობა გეგმავს, რომ რამდენიმე ათწლეულში დოლარი ჩინური ეროვნული ვალუტით ჩაანაცვლოს და გლობალური სარეზერვო ვალუტის წოდება იუანმა მოიპოვოს. ეს კომუნისტური მთავრობის მრავალტრილიონიანი ეროვნული სტრატეგიის საკვანძო ნაწილია, რომლის განსახორციელებლად ოფიციალური პეკინი ძალისხმევას ნამდვილად არ იშურებს.
იუანზე ამჟამად გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 3% მოდის, საერთაშორისო რეზერვებში კი ჩინური ვალუტის წილი 2.5%-ია, რაც დოლარის მაჩვენებლებთან შედარებით სასაცილოდაც შეიძლება მოგვეჩვენოს. მიუხედავად ასეთი დრამატული განსხვავებისა, პრეზიდენტი სი ძინპინი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით იუანის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზრდება, ოც წელიწადში კი ჩინური ვალუტის წილი გლობალურ ბაზარზე ათჯერ გაიზრდება.
ამ პროგნოზს განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ დასავლური სანქციების ამოქმედების ფონზე, რუსეთის ფედერაცია სწორედ იუანზე გადაერთო. უფრო კონკრეტულად, რუსეთის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებში იუანის წილმა დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, მოსკოვი და პეკინი პირდაპირი ვაჭრობის უდიდეს ნაწილს სწორედ იუანსა და რუბლში ახორციელებენ. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე კი იუანი ამჟამად ყველაზე მოთხოვნად და ხშირად გადაცვლილი ვალუტაა.
მსოფლიოში პეკინის გავლენის ზრდა მხოლოდ რუსეთით არ შემოიფარგლება, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია და არგენტინა ჩინეთთან ვაჭრობას იუანში იწყებენ.
ტახტიდან დოლარის ჩამოგდება პეკინს კოლოსალურ ფინანსურ და ეკონომიკურ გავლენას მისცემს. საქმე ისაა, რომ ეროვნულ ვალუტას საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დოლარის დომინანტურობის წყალობით, ვაშინგტონს აქვს იმის პრივილეგია, რომ სანქცირებული სახელმწიფო პრაქტიკულად მოწყვიტოს გლობალურ ვაჭრობას და საფინანსო სისტემას, რადგან ის ვეღარ შეძლებს დოლარის გამოყენებას, ეს კი ეკონომიკისათვის სასიკვდილო განაჩენადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
იმ შემთხვევაში, თუ იუანი შეძლებს დოლარის ჩანაცვლებას, ჩინეთი უდიდესი მასშტაბებისა და სიმძლავრის გეოპოლიტიკურ იარაღს მოიპოვებს, რომელიც მას საკუთარი ინტერესების გასატარებლად ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინეთი აზიისა და აფრიკის მასშტაბით აქტიურად ავითარებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას. რაც ათობით სახელმწიფოში სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოწყობას, პორტების მშენებლობას და ინდუსტრიის განვითარებას მოიცავს. Belt & Road-ის ინიციატივის ფარგლებში ჩინეთი ყოველწლიურად მილიარდობით გრძელვადიან სესხს გასცემს, ეს თანხა კი, ცხადია, იუანშია დენომინირებული. ინფრასტრუქტურის განვითარების სანაცვლოდ ჩინეთი მოითხოვს, რომ ბენეფიციარებმა ჩინეთთან სწორედ იუანში ივაჭრონ.
გლობალური ინიციატივების, ალიანსებისა და ბილატერალური შეთანხმებების გზით ჩინეთი აქტიურად ცდილობს გლობალურ ბაზარზე იუანის მნიშვნელობის გაზრდას, ამ მიმართულებით კი ოფიციალური პეკინის ძალისხმევა თითქმის ყოველწლიურად იმატებს.
ციფრული ეროვნული ვალუტის განვითარების მიმართულებითაც ჩინეთი მოწინავე პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ, სწორედ ციფრული იუანი იქნება მსოფლიოს პირველი CBDC, რომელიც ფართო გამოყენებაში ჩაეშვება. ამ შემთხვევაშიც ჩინეთის მთავრობის პრიორიტეტები მარტივად გასაგებია - ოფიციალურ პეკინს ყველაზე სწრაფად სურს სრულად ციფრული ანგარიშსწორების დაწყება, ამ უპირატესობის მოსაპოვებლად კი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ყოველწლიურად კოლოსალური მოცულობის რესურსებს ხარჯავს.
ჩინურ ამბიციაზე მიუთითებს BIRCS-ის გაფართოებაც, რაც შეეხება თავად ამ ორგანიზაციას, ეს ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა, საუდის არაბეთისა, გაერთიანებული საამიროების, ეთიოპიის, ეგვიპტისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური კავშირია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის გავლენის შემცირება და დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარებაა. BRICS-ის ქვეყნები გლობალურ ვაჭრობაში ჩინური იუანის გამოყენებას ისახავენ მიზნად, ამ ორგანიზაციის ლიდერი კი, რა თქმა უნდა, ჩინეთია.
ზემოხსენებული ქვეყნების გარდა, BRICS-ის კანდიდატის სტატუსი ირანს, არგენტინასა და ალჟირს აქვთ, გარდა ამისა, წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეტანილი აქვთ: თურქეთს, ინდონეზიას, ეგვიპტეს, ტაილანდს, ნიგერიას, სირიას, ტაჯიკეთს, ბანგლადეშსა და საბერძნეთს.
მართალია, ჯერჯერობით დოლარს არაფერი ემუქრება და ისევ ისე განაგრძობს დომინირება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი BRICS-ის ქვეყნები მართლაც შეძლებენ მიზნის მიღწევას, მაშინ, შესაძლოა, ამერიკული დოლარის ჰეგემონიის აღსასრულიც ვიხილოთ და მსოფლიოს ნაწილი სწორედ ჩინეთზე და მის მმართველ კომუნისტურ პარტიაზე გახდეს დამოკიდებული.