მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

დავით ტყეშელაშვილი

26-27 ნოემბერს თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში, უკვე მესამედ გაიმართება საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი - GEEF, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა (GREDA) და Expo Georgia-ს ერთობლივი პროექტია. ღონისძიება ერთ სივრცეში თავს სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებსა და დარგის წამყვან ექსპერტებს მოუყრის.

დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მომავალ პერსპექტივებსა და ფორუმთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ჩეხური ტრანსნაციონალური კომპანიის, Photomate Caucasus-ის რეგიონალურმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, დარგობრივი ღონისძიებების მთავარი ღირებულება მათი პრაქტიკული შედეგიანობაა და არა მხოლოდ ფორმალური კომუნიკაცია.

"ძალიან კარგია მსგავსი ტიპის ღონისძიებები და ისიც, რომ აქ ერთად ვიკრიბებით ბიზნესი და სახელმწიფო სექტორი, თუმცა მესიჯები უნდა იყოს ძალიან მკაფიო და სწორი, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგულად ლამაზად შეფუთული ღონისძიება", - აღნიშნავს დავით ტყეშელაშვილი.

მისი თქმით, GEEF-ის ფორმატი ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ითვალისწინებს: ერთი მხრივ, ფორუმის ფარგლებში დარგის სისტემურ გამოწვევებზე ღია მსჯელობას, ხოლო მეორე მხრივ, გამოფენის სივრცეში ამ პრობლემების საპასუხო კონკრეტული ტექნოლოგიების დემონსტრირებას.

"ენერგეტიკა რომ ეკონომიკის ხერხემალია, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ - თუ აქ ვერ განვვითარდებით, იმავეს განიცდის ძალიან ბევრი სხვა სექტორიც. მას შემდეგ, რაც ფორუმის ფარგლებში კერძო სექტორი მთავრობასთან ერთად გამოწვევებზე ისაუბრებს, უკვე საგამოფენო სივრცეში შეგვიძლია პრაქტიკულად ვაჩვენოთ, თუ რა ტექნოლოგიებით ვპასუხობთ ამ საჭიროებებს", - აღნიშნავს ტყეშელაშვილი.

Photomate Caucasus-ის ხელმძღვანელის თქმით, განახლებადი ენერგიის განვითარება უწყვეტ ტექნოლოგიურ ევოლუციას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მზის სადგურების დადგმული სიმძლავრეები სექტორის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს, დღის წესრიგში ახალი, კრიტიკული გამოწვევები ჩნდება, მათ შორის - გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა.

"ჩვენს ქვეყანაში დგას პრობლემა: ქსელი ერთიანად ვერ ატარებს იმ მოცულობის ელექტროენერგიას, რაც ჭარბი გამომუშავების პერიოდში წარმოიქმნება. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ისაა, რომ განახლებად ენერგიაში ენერგიის დამგროვებელი სისტემებით (ბატარეებით) დავიწყოთ დაბალანსება", - განმარტავს Photomate Caucasus-ის ხელმძღვანელი.

ტყეშელაშვილის თქმით, გადაწყვეტა ლოგიკური და ეფექტიანია: დღის განმავლობაში ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია ინახება ბატარეებში, ხოლო ღამით - მოხმარების პიკის დროს - მიეწოდება ქსელს, რაც ერთდროულად ხსნის ინფრასტრუქტურულ დატვირთვას და ქმნის ბალანსს: "ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც ქვეყანას უკვე დღეს სჭირდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო ბიზნესმა სწორედ ამ მიმართულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. მალე არა მარტო მზის, არამედ ქარის ენერგეტიკაც მოითხოვს დამგროვებლებს ქსელის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად."

საერთაშორისო გამოცდილების როლზე საუბრისას ტყეშელაშვილმა კომპანია "ფოტომეითის" საქმიანობა გაიხსენა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წელს შემოვიდა და ინვესტიციების განხორციელება მზის ენერგიის განვითარების მიმართულებით დაიწყო. მისი თქმით, ტექნიკური აღჭურვილობის იმპორტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ქვეყანაში ცოდნისა და ექსპერტიზის შემოტანაა.

"კომპანია "ფოტომეითმა" ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი ტექნიკური ცოდნა გაუზიარა იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული და ვისაც ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდებოდა. ეს მხოლოდ ტექნიკური დახმარება არ არის - ეს არის დარგობრივი ცოდნის უზარმაზარი ტრანსფერი. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში, ვატარებთ ტრენინგებსა და კონფერენციებს. ის მოწინავე გამოცდილება - იქნება ეს ევროპული, აზიური თუ ამერიკული - რაც ჩვენზე წინ არის, აუცილებლად უნდა შემოვიდეს საქართველოში, რათა ვისწავლოთ და გავიზარდოთ", - აცხადებს Photomate Caucasus-ის ხელმძღვანელი.

დავით ტყეშელაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი შესრულებული სამუშაოს ხარისხზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკაში მოკლევადიანი, ზერელე მიდგომები დაუშვებელია.

"ხარისხი პირდაპირ მოდის ცოდნიდან. როდესაც ცოდნა გაქვს, პრაქტიკაც გამართულად მუშაობს. ენერგეტიკა გრძელვადიანი დარგია - მიდგომა, რომ "ავაშენე მზის ელექტროსადგური, ხელები დავიბანე და წავედი" - აქ მიუღებელია. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, სადაც კომპანიას მრავალი წლის განმავლობაში ეკისრება პასუხისმგებლობა", - აცხადებს ტყეშელაშვილი.

მისი თქმით, უხარისხო დაგეგმვა ან არასწორი ინჟინერია საბოლოოდ ჯაჭვურ პრობლემებს იწვევს:

"თუ პროექტი სწორად არ განავითარე, არასწორად ააშენე ან პარტნიორს მცდარი რჩევა მიეცი, გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალია ხარვეზები, რომლებიც დააზიანებს ბიზნესს, ეკონომიკასა და შემოსავლებს. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვია, რომელიც ეფუძნება ხარისხს, ცოდნასა და გამოცდილებას - ჩვენ სწორედ ამ საქმეს ვემსახურებით", - ამბობს დავით ტყეშელაშვილი "ანალიტიკას" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები