მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკა, ტურიზმი და მრეწველობა - რა საკითხები განიხილა პრემიერმა საუდის არაბეთში?

63a41e759dd65
BM.GE
22.12.22 13:16
423
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთში ოფიციალურ ვიზიტს მართავს. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

მთავრობის ადმინიტრაციამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ორმხრივი განცხადება გაავრცელა, სადაც იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც შეხვედრის დროს ისაუბრეს. საკითხებს შორის არის ენერგეტიკა, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ქართული მხარე მიესალმება ნავთობის ბაზრებზე სტაბილურობის მიღწევის კუთხით საუდის არაბეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამთო-მომპოვებელ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება.

“ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიადის კანდიდატურას მხარს დაუჭერს უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს.

მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი დიდად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან 2030 წლის საერთაშორისო ექსპოს მასპინძლის კანდიდატურის რიადის მხარდაჭერას.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც მოხდება სავაჭრო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საერთო და ერთობლივი ინვესტიციების გაზრდა, საუდის არაბეთის სამეფოს 2030 წლამდე გაწერილი ხედვის შესაბამისად ინტეგრაციისა და კაპიტალდაბანდებების შესაძლებლობათა გამოყენება და საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბისა და ტემპის ზრდაში. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორში ინვესტიციებისთვის შესაბამისი პირობების, საერთო ვიზიტების გააქტიურების, პერიოდული საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა და ორივე ქვეყნის მეწარმეებს მოუწოდეს არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისკენ და ხელშესახებ პარტნიორობაში გარდაქმნისკენ. მხარეები შეთანხმდნენ საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბებაზე.

ენერგეტიკის სფეროში ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის მნიშვნელობას. ქართული მხარე მიესალმება ნავთობის გლობალურ ბაზრებზე და მიწოდების სანდოობის სფეროში ბალანსისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შესრულებულ როლს. ამასთანავე, მხარეები გამოხატავენ სურვილს თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ელექტროსისტემების ურთიერთჩართვა, ჰიდრო-ნახშირბადის რესურსების ინოვაციური გამოყენება და ენერგო-ეფექტურობა, ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად.

კლიმატის ცვლილების სფეროში, ქართული მხარე მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს მიერ „საუდის მწვანე ინიციატივას“ და „ახლო აღმოსავლეთის მწვანე ინიციატივას“ და მხარდაჭერას გამოხატავენ კლიმატის ცვლილების სფეროში საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს ნახშირბადის ცირკულარული ეკონომიკის და ამგვარი მიდგომის დამკვიდრებას. ხსენებული პროგრამის განხორციელება საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო და დამტკიცდა დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ხაზგასმით ადასტურებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების პრინციპების მნიშვნელობას, ისევე როგორც ისეთი კლიმატის შეთანხმების შემუშავებისა და განხორციელების საჭიროებას, რომელიც აქცენტს გააკეთებს ემისიაზე და არა წყაროებზე.

ორივე მხარე ადასტურებს სამრეწველო და სამთო-მომპოვებელ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ძალისხმევის მნიშვნელობას; ასევე, ამ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების იმგვარ გამოვლენაზე, რაც საერთო ინტერესებს დააკმაყოფილებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის მქონე აგრარული პროდუქციის წარმოების სფეროში თანამშრომლობის დონის გაზრდა და განაცხადეს, რომ მიესალმებიან ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებას სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეტყევეობის და ნაკრძალების სფეროში. ორივე მხარე გამოხატავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შეთანხმებულ სფეროებში ორმხრივი ჩარჩოს სამომავლო შემუშავების სურვილს.

ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის სფეროში საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე, რაც სარგებელს მოუტანს ტურიზმის სექტორს და მის განვითარებას”,-წერია ერთობლივ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები