მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სახლების უნებართვოდ მშენებლობა დაულაგებელი ქვეყნების პრობლემაა - არქიტექტორი

ამნისტია

მთავრობა სამშენებლო ამნისტიის პროექტს ამზადებს, რომელიც მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

როგორც 20 ნოემბერს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, პრემიერმა ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება.

ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

იურისტებისა და არქიტექტორების ნაწილი აცხადებს, რომ უკანონო მშენებლობები 90-იანი წლებიდან დაიწყო. ისინი ერთ-ერთ გამოწვევად გართულებულ ნებართვებს და გაუგებარ პრინციპებს ასახელებენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, სად და როგორ მოითხოვონ სამშენებლო ნებართვა, ხოლო ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ნებართვა დადგენილ ვადებში გასცეს.

უკანონოდ აშენებული სახლები გამოწვევა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. არქიტექტორების ნაწილი ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა მაღალმთიან რეგიონებშია. მერაბ გუჯეჯიანის თქმით, კონტროლის მექანიზმი, რომელიც ფურცელზე ფორმალურად წერია, პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს. ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა აუხსნას, რომ მიწაზე, რომელიც კონკრეტული მოქალაქის საკუთრებაა, სახლი ნებართვის გარეშე ვერ აშენდება.

"ნებართვების გაცემა გასამარტივებელია. ისეთი მშენებლობა, რომელიც პირველი და მეორე კლასისაა, მეტ-ნაკლებად გამარტივებულია, მაგრამ გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სტრუქტურა ვერ მუშაობს. მათ [მოქალაქეებმა] არ იციან, რომ პროცესს კანონი არეგულირებს. ადამიანს ისტორიულად ჰგონია, რომ მიწა მისია და რაც უნდა იმას ააშენებს. ვერ წარმოუდგენია, რომ კანონი არეგულირებს საკუთარი ხის მოჭრის ნებართვასაც კი. კონტროლის მექანიზმია საჭირო. პირველ რიგში, ახსნა-განმარტება, სწორი მიწოდება. გავიაროთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში და ამ დროს ბერლინიდან გავიდეთ და გავიაროთ პატარა ქალაქებში, ვნახავთ, რომ იქ ყველა ჭიშკარს, ყველა ღობეს, სართულის სიმაღლეს, ფერს, ყველა უბანს, ქალაქს, სოფელს აქვს რეგულაცია შედგენილი. ჩვენთან ფურცელზე თითქოს ყველაფერი ჩამოყალიბებულია, მაგრამ რაღაცები მაინც არ არის დარეგულირებული", - განაცხადა მერაბ გუჯეჯიანმა.

როგორც არქიტექტორმა BMG-თან განაცხადა, მხოლოდ ამნისტია გამოსავალი არ არის.

"სამხრეთ აფრიკაში აშენებულია უზარმაზარი ცათამბჯენები, ბიზნეს ცენტრები და მის გარშემო ჩვენებური "ნახალოვკაა" აშენებული. ეს პრობლემა არის დაულაგებელ ქვეყანაში. ჩვენ ხომ უნდა დავლაგდეთ ერთხელ და სამუდამოდ?! უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ასეთი ამნისტია მინიმალურად იყოს საჭირო. არ არის გამოსავალი, ეს შემდგომში მოტივაციას აძლევს ახალ უკანონო მშენებლობას, ადამიანი იტყვის: როცა მოვა ახალი არჩევნები, ისევ ამნისტიას დაველოდები.

ბევრ ადგილზე გვაქვს ნათქვამი, რომ არ შეიძლება რამის აშენება. ადგილობრივი მაინც აშენებს. მაკონტროლებელი კი ამბობს, რა ვქნა, ხომ ვერ დავუნგრევ, ის ჩემი ბიძაშვილია, მერე უნდა გადავიკიდო. რეგიონში ვერ ვაკონტროლებთ ", - აღნიშნა არქიტექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები