"არჩევნების წელი, როგორც ყოველთვის, ენერგეტიკის სფეროსთვის დაპაუზების წელია" - ამის შესახებ BMG-სთან Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი საუბრობს და ენერგეტიკის სექტორისთვის 2024 წლის შედეგებს აჯამებს.
აბრამიშვილის თქმით, 2024 წელს ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება შენელდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და რყევებმა განაპირობა.
" [არჩევნების წელს] გადაწყვეტილებები ჩერდება, ყველა ელოდება, როგორ გადაწყდება არჩევნების საკითხი, მას შემდეგ რამდენად დასტაბილურდება სიტუაცია და მერე გრძელდება მსხვილ ინვესტიციებზე საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება და იმპლემენტაცია. არც ეს წელი იყო გამონაკლისი, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, პოლარიზაცია წელს კიდევ უფრო მაღალი იყო, განსაკუთრებულად მაღალი რყევების მოლოდინი ჰქონდა ბიზნესს, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია ინვესტორთან, რომელიც არჩევნების გადაგორებას ელოდებოდა, რათა მერე მიეღოთ გადაწყვეტილებები; ამჟამადაც ბევრი პოტენციური ინვესტიციაა ჩვენს დარგში შეჩერებული და იმედი გვაქვს, რომ ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვალთ", - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი წლევანდელი CFD აუქციონის შედეგებზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც ინტერესი მხოლოდ თეორიულია, რეალურად კი, ინვესტიციების განხორციელების საკითხი უცნობია.
"მეორე მხრივ, ჩატარდა განახლებადი ენერგიების მეორე აუქციონი, მერე ახალი ბრძანებულება გამოიცა, რის მიხედვითაც პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება გახდა შესაძლებელი, ინტერესი მაღალი იყო, განსაკუთრებით მზის სადგურების დეველოპერებისგან, ასევე ქარის სადგურების, ყველაზე ნაკლები იყო ჰიდროს მიმართულება, რადგან ფასი არ იყო მომხიბვლელი.
მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული ინტერესია და არ ნიშნავს ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას. ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი, რომ გარკვეული ფილტრი იყო დასაყენებელი, ვინ იღებს მონაწილეობას აუქციონსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში, რადგან მერე გაუგებარი ხდება, რამდენად შეძლებენ კომპანიები და პირები ამ პროექტების განხორციელებას. არსებობს საშიშროება, რომ ეს გახდეს სპეკულირების საგანი ხელმოწერილი მემორანდუმებით, გაჩნდება მეორადი ბაზარი და ა.შ.", - განმარტავს გიორგი აბრამიშვილი.
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს, რიგით მეორე CFD აუქციონზე, 47 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.