მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგეტიკის სექტორსა და სახელმწიფოს შორის ჩატეხილი ხიდის აშენების წელი"|მაია მელიქიძე 2025 წელს აფასებს

მაია მელიქიძე

"2025 წელს შევაფასებდი როგორც კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის ჩატეხილი ხიდის აშენების წლად“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ჟურნალისტის კითხვას - როგორი იყო საქართველოს ენერგეტიკისთვის 2025 წელი.

ჯერჯერობით, ეკონომიკის სამინისტროს არ გამოუქვეყნებია მონაცემები, გენერაციის რამდენი ობიექტი და რა მოცულობის სიმძლავრე შეემატა ენერგეტიკის ქსელს 2025 წელს.

ინტერვიუში მაია მელიქიძემ გამოყო სამი მთავარი ფაქტორი, რომლებმაც 2026 წლის თვის პოზიტიური მოლოდინებს ჩაუყარა საფუძველი.

კომუნიკაციის გაუმჯობესება („ჩატეხილი ხიდის“ აღდგენა) - მაია მელიქიძემ 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის გააქტიურება დაასახელა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ „გააღო კარები“ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, პრობლემატიკა ღიად იქნეს განხილული.

„კომუნიკაცია, ნელ-ნელა უფრო აქტიური გახდა. სამინისტროს და მინისტრის მხრიდან, რეალურად, პირველად კარები გაიღო თებერვალში, როდესაც GREDA-ს ბორდი შევხვდით და დავიწყეთ ეს კომუნიკაცია. რეალურად, ჩვენ წარვადგინეთ ის პრობლემატიკა, რომელიც აქვს სექტორს. რამდენად მოგვარდა ყველაფერი, ეს მეორე თემაა, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს ცალსახად გვაქვს შესაძლებლობა, სამინისტროს ძალიან ღიად ვესაუბროთ, მივუთითოთ და ვთხოვოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც წინაშეც დგას სექტორი“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ფინანსური ვალდებულებების ოპტიმიზაცია ანუ ენერგეტიკის სექტორში კომპანიებისთვის 1 მილიარდი ლარის ჯარიმების, გარკვეული დათქმით, პატიების გადაწყვეტილება - ეს მეორე საკითხია, რომელსაც მაია მელიქიძე გამოყოფს. ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ ენერგეტიკის სექტორი მილიარდი ჯარიმის ჩამოწერის პირობების მოლოდინშია. როგორც ირკვევა, ენერგეტიკის დარგის ინვესტორებმა ამ დრომდე არ იციან კრიტერიუმები, ვის და როგორ ჩამოეწერება ჯარიმები.

„[₾1-მილიარდიანი ჯარიმის ჩამოწერის] შესახებ განცხადება, დაახლოებით, ორი თვის წინ გაკეთდა და ჩათვალეთ, ახლა ყოველდღიურად მინიმუმ სამი-ოთხი ზარი მაინც შემოდის ჩემს ტელეფონზე, სადაც მთხოვენ კომუნიკაციას სამინისტროსთან - [ინვესტორებს] აინტერესებთ თუ რა ხდება უშუალოდ კონკრეტული ინვესტორის თავს მემორანდუმების ჭრილში. გვაქვს ძალიან დიდი თხოვნა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რომელ პროექტებზეა კონკრეტულად საუბარი, რომელ კომპანიებს ეხება [ჯარიმების ჩამოწერა] და ალოკაციის თვალსაზრისით, კონკრეტულ კომპანიაზე რა თანხებია გათვლილი“, - აღნიშნა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა 2025 წლის შეჯამებისას გამოყო, ე.წ. ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ასეულობით მილიონი ლარის ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის დაანონსება და ასევე, ე.წ. ფურცელზე არსებული პროექტების „გასაცოცხლებლად“ გადადგმული ნაბიჯებია.

„ჩვენი რჩევა იქნება, დაზოგილი თანხები მივმართოთ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისკენ“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ და იმედი გამოთქვა, რომ წელს ხუდონჰესის მშენებლობა მაინც დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები