მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის მოთხოვნის 0.9% ივაჭრება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია - ჩახვაშვილი

მარიამ ჩახვაშვილი

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის განცხადებით, 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრმა ელექტროენერგიის მოცულობამ სრული მოთხოვნის მხოლოდ 0.9% შეადგინა, რაც მისი შეფასებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

საქმე ისაა, რომ 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს. ამასთან, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ ყოფილა.

მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ბირჟაზე დაბალ აქტიურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის პირველ რიგში ის, რომ საქართველოში ამ დროისთვის ელექტროენერგიის საათობრივ ჭრილში ვაჭრობისთვის შესაბამისი სტიმულები არ მოქმედებს.

მისივე შეფასებით, სამომავლოდ მიზანი არა ენერეგეტიკული ბირჟის სავალდებულო წესით ამოქმედება, არამედ მისი უფრო მეტად როგორც დამხმარე ვაჭრობის პლატფორმის გააქტიურება უნდა იყოს.

“მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, ეს იყო პირველი წელი, როდესაც მთელი წელი იმუშავა ენერგეტიკულმა ბირჟამ. 2024 წელს ნახევარი წელი იმუშავა, 2025-ში უკვე მთელი წელი და შეგვიძლია სეზონურობას დავაკვირდეთ. ჩანს, რომ ზაფხულში აქტივობა მეტია, ზამთარში კი ნულთან ახლოს. მეოთხე კვარტალში, აგვისტოს შემდეგ, ვაჭრობა ბირჟაზე თითქმის არ ყოფილა. ამას თავისი მიზეზები აქვს.

ზაფხულის თვეებში ენერგეტიკულ ბაზარზე შედარებით დაბალია ფასები და თუ კონტრაქტორი ვერ იპოვე, მაშინ ესკო ყიდულობს 4 თეთრად, რაც ბევრად დაბალია. ზამთრის თვეებში კი ესკოს შესასყიდი ფასი ბევრად მაღალია. მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომაა ზაფხულში მეტი აქტივობა ისაა, რომ უფრო მეტი თავისუფალი ენერგიაა.

რეგულაციებიდან გამომდინარე, მაქსიმუმ რაც შეიძლება ბირჟაზე ივაჭრონ, არის მთელი მოხმარების 17%. დღეს ბაზარზე მხოლოდ 0.9% ივაჭრება, რაც ძალიან ცოტაა.

მთლიანობაში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ ქვეყანაში გვაქვს თვიური ანგარიშსწორება. საათობრივი ვაჭრობის სტიმული არ არსებობს. მონაწილეს ურჩევნია თვის ჭრილში დააბალანსოს ენერგია, ვიდრე საათობრივად. სანამ ქვეყანა არ გადავა საათობრივ ანგარიშსწორებაზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობა დაბალი იქნება.

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ბირჟის გააქტიურება. მიზანია, ბირჟა იყოს დამხმარე მექანიზმი ბაზრის მონაწილეებისთვის. საათობრივ ბაზარზე გადასვლა გვჭირდება იმისთვის, რომ სწორი საათობრივი სიგნალები მივიღოთ მომხმარებლებისთვის. დღით ადრე ბაზარი არის მექანიზმი, რომ ეს პროცესი გამარტივდეს”, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები