მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე სავაჭროდ ტრეიდინგული კომპანიებიც უნდა დაიშვან - მერაბ ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე სავაჭროდ ტრეიდინგული კომპანიებიც უნდა დაიშვან.

როგორც მერაბ ლომინაძემ BMG-ის განუცხადა, ბირჟაზე დაბალი აქტივობა მათ შორის იმ გარემოებას უკავშირდება, რომ გენერაციის ობიექტების და მსხვილი მომხმარებლების დიდი ნაწილი ახალ პლატფორმაზე ვაჭრობისთვის ტექნიკურად მზად ამ დრომდე არაა.

მისი თქმით, ტრეიდინგული კომპანიები თავის მხრივ, ათეულობით გენერაციის ობიექტებსა და ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს აერთიანებენ. შესაბამისად, მსგავსი მოთამაშეების ბირჟაზე დაშვებით პლატფორმის ლიკვიდურობა გაიზრდება. მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დარგის წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციებს უკვე მართავენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბაზრისთვის სიახლეა, ველოდებოდი, რომ პირველ ეტაპზე კომპანიები თავს შეიკავებდნენ და ეს ასეც მოხდა. 13 ათასი მგვტ.სთ, რომლის ვაჭრობაც ბირჟაზე უკვე მოხდა, პრაქტიკულად ნულის ტოლფასია. თუმცა კომპანიები ეჩვევიან და ეგუებიან ახალ გარემოს. ვფიქრობ, თუკი დამატებით გაჩნდება სათანადო მოტივაციები იმისათვის, რომ ბირჟაზე მოხდეს ელექტროენერგიით ვაჭრობა, მას ნამდვილად ექნება სრულფასოვანი სატესტო რეჟიმი. მაგალითად, ამ ეტაპზე ტრეიდინგული კომპანიები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ ივაჭრონ ბირჟაზე. იგეგმება და ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ტრეიდინგული კომპანიებიც დაემატონ ბირჟის მოთამაშეებს და ამ შემთხვევაში ესეც გაზრდის ბირჟის ლიკვიდურობას“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე ორი თვის განმავლობაში ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ თითქმის 13 ათას მგვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო ივლისში საშუალო ფასი ერთ კილოვატსაათზე 12.5 თეთრის ფარგლებში იყო. ამ დროისთვის ბირჟაზე სულ 15 კომპანიაა რეგისტრირებული.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები