ენერგეტიკულ ბირჟაზე ორი თვის განმავლობაში ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ თითქმის 13 ათას მგვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო ივლისში საშუალო ფასი ერთ კილოვატსაათზე 12.5 თეთრის ფარგლებში იყო.
ამის შესახებ BMG-ის ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გალდავამ განუცხადა. მისი თქმით, ბირჟაზე აქტიურობა უფრო მეტად ივლისში შეიმჩნეოდა, როდესაც პლატფორმაზე ვაჭრობამ თითქმის 12 მგვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო აგვისტო შედარებით ნაკლებად აქტიური იყო.
მისი განცხადებით, ივლისში ბირჟაზე დაფიქსირებული საშუალო ფასი დაახლოებით სამი თეთრით უფრო ნაკლები იყო, საბალანსო ბაზარზე დაფიქსირებულ, ანუ ესკოსგან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასზე. ამ დროისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე სულ 15 კომპანიაა რეგისტრირებული. ირაკლი გალდავას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ბაზარი გარდამავალ რეჟიმში მუშაობს, პირველი თვეების შედეგები მოლოდინების შესაბამისი იყო.
„ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ივლისის ბოლოსკენ გააქტიურდა, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს. თვის ბოლოს მონაწილეებს უკვე გაუჩნდათ ზუსტი მოლოდინი მათი წარმოების და ნავაჭრი ელექტროენერგიის შესახებ. თუკი შევადარებთ ივლისში ბირჟაზე დაფიქსირებულ ფასს საბალანსო ბაზრის ფასს, ვნახავთ რომ სხვაობა დაახლოებით 3 თეთრი იყო. ივლისში ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი ბირჟაზე დაახლოებით 12.6 თეთრი იყო, ესკოსგან შესასყიდი ფასი კი 15 თეთრის ფარგლებში. შესაბამისად, ეს იქნებოდა ის დანაზოგი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის, რასაც ისინი გააკეთებდნენ თითო კილოვატსაათზე, თუკი ელექტროენერგიას ბირჟაზე იყიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ გარდამავალი პერიოდია, ისედაც არ იყო მოლოდინი რომ აქ ყველა მონაწილე ივაჭრებდა, იქნებოდა ძალიან აქტიური ვაჭრობა. შესაბამისად, ვითარება შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც არსებობდა გარდამავალ მოდელებთან მიმართებაში. ამ მოდელის მიზანი პირველი ნაბიჯის გადადგმაა“, - განაცხადა ირაკლი გალდავამ.
ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის განცხადებით, ასევე იგეგმება, რომ სამომავლოდ ბირჟაზე უფრო მეტი კომპანიის მოსაზიდად გარკვეული ხელშემწყობი მექანიზმებიც შემუშავდეს, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ ინსტრუმენტებზე საუბარი ნაადრევია.
“რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უფრო მეტად გააქტიურება. არსებობს რაღაც ნაბიჯები, რაც მონაწილეებს მეტ მოტივაციას გაუჩენს, ბირჟაზე ივაჭრონ. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაც მონაწილეებს შეუქმნის გარკვეულ განსაზღვრულობას მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი გალდავამ.
ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.