მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა მხოლოდ 2 დღეს შედგა - როგორი იყო აგვისტო ენერგეტიკული ბირჟისთვის?

ენერგეტიკული ბირჟა

აგვისტოში ბირჟაზე ელექტროენერგიის მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე, ვაჭრობა კი მხოლოდ ორი მიწოდების დღისთვის შედგა. ამის შესახებ ყოველთვიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ გამოაქვეყნა.

აგვისტოს თვის ბოლოს ბაზრის მონაწილეების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, რაც ივლისის ბოლოს არსებულზე 2-ით მეტია. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ივლისთან შედარებით, გასულ თვეში, ბირჟაზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდა, საშუალო შეწონილი ფასი კი გაიზარდა.

ბირჟის მონაწილეები

ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე პირველი აუქციონი 2024 წლის 1 ივლისს ჩატარდა. ამ დროისთვის ბირჟაზე რეგისტრირებული იყო ოთხი მონაწილე. აგვისტოს თვის ბოლოს კი რეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, რომლებიც ასე ნაწილდება:

  • ელექტროენერგიის მწარმოებელი: 9;
  • სისტემის ოპერატორი: 3;
  • საბოლოო მომხმარებელი: 2;
  • მიმწოდებელი: 1.

26 სექტემბრის მდგომარეობით ბაზარზე 17 მონაწილეა:

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია;
  • სს თელასი;
  • შპს ლილო-მოლი;
  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
  • შპს სვანეთი ჰიდრო;
  • შპს ჰიდრო ჯორჯია;
  • შპს კასლეთი 2;
  • შპს გეოენერჯი;
  • შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია;
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი;
  • თავისუფალი მიმწოდებელი;
  • სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა.

ელექტროენერგიის ვაჭრობა

ვაჭრობა შედგა 8 აგვისტოსა და 13 აგვისტოს მიწოდებისთვის. ჯამური ნავაჭრი რაოდენობა 804 მგვტ.სთ. ხოლო საშუალო შეწონილი ფასი 133.51 ლარი/მგვტ.სთ იყო.

აღსანიშნავია, რომ ივლისის თვის შედეგთან შედარებით რაოდენობის კლება და ფასის ზრდა ფიქსირდება, ვინაიდან ივლისში ნავაჭრი ელექტროენერგია 11624.6 მგვტ.სთ, საშუალო შეწონილი ფასი კი 126.44 ლარი/მგვტ.სთ იყო.

საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა აგვისტოს თვისთვის შეადგინა 154.7 ლარი/მგვტ.სთ (15.47 თეთრი/კვტ.სთ), რაც მცირედით ჩამორჩება ივლისში დაფიქსირებულ 156.2 ლარი/მგვტ.სთ-ს (15.62 თეთრი/კვტ.სთ).

"თუ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს შევადარებთ, ელექტროენერგიის მყიდველებისთვის უფრო მოგებიანი იქნებოდა ბირჟაზე შესყიდვა. თუ შეფასებისთვის შევადარებთ საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და ბირჟაზე ჩამოყალიბებულ საშუალო შეწონილ ფასს, ელექტროენერგიის მყიდველებმა, ჯამურად 804 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვით დაზოგეს დაახლოებით 17 000 ლარი",- აღნიშნულია ანგარიშში.

მოთხოვნა-მიწოდება დღით ადრე ბაზარზე

ივლისის მსგავსად, მთელი აგვისტოს განმავლობაში ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე. 17 აგვისტოდან კი მიწოდების განაცხადები აღარ განთავსებულა.

საათობრივ ჭრილში, ყველაზე დიდი აგრეგირებული მოთხოვნა დაფიქსირდა 15 აგვისტოს (აგრეგირებულმა მოთხოვნამ 3041.1 მგვტ.სთ შეადგინა), რაც მთლიანი მოთხოვნის 7.2%-ს შეადგენდა.

დღით ადრე ბაზარზე განაცხადის ფასები

აგვისტოს განმავლობაში ელექტროენერგიის მყიდველების ფასის მიმღებლობა არ შეცვლილა. მყიდველისა და გამყიდველის ფასის თანხვედრა კი მხოლოდ ორი მიწოდების დღისთვის მოხდა. ანგარიშის მიხედვით, განაცხადის ფასების სტატიკურობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ საბალანსო ელექტროენერგიის ფასის მიმართ უცვლელი მოლოდინი.

შეგახსენებთ,6-ჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა. ის მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები