ივლისში, ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამური ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა 11624.6 მგვტ.სთ, საშუალო შეწონილი ფასი კი 126.44 ლარი/მგვტ.სთ იყო. ამის შესახებ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშშია აღნიშნული.
პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.
1-ელ ივლისს, პირველ აუქციონში მონაწილეობისათვის ბირჟაზე რეგისტრირებული იყო ოთხი მონაწილე. ივლისის ბოლოს კი რეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა:
- ელექტროენერგიის მწარმოებელი: 8
- სისტემის ოპერატორი: 3
- საბოლოო მომხმარებელი: 2
- მიმწოდებელი: 1
პირველი ვაჭრობა დღით ადრე ბაზარზე 24 ივლისის მიწოდების დღისთვის შედგა. დღიურად, ყველაზე მეტი ელექტროენერგიის ვაჭრობა 25 ივლისს მოხდა. ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ კი 2600.6 მგვტ.სთ. შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 24 ივლისიდან გამყიდველების მიერ შეთავაზებული ელექტროენერგია თითქმის სრულად იყიდებოდა.
მიმოხილვის მიხედვით, ივლისის თვის პირველი სამი კვირის განმავლობაში, ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე. 24 ივლისის მიწოდების დღიდან კი შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა და მიწოდებაც, რაც ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა აიხსნას ბაზრის არსებულ, გარდამავალ მოდელში ორმხრივი ხელშეკრულებებით ვაჭრობის სპეციფიკით.
ანგარიშის მიხედვით, საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა ივლისში 156.2 ლარი/მგვტ.სთ (15.62 თეთრი/კვტ.სთ) შეადგინა.
"თუ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს შევადარებთ, ელექტროენერგიის მყიდველებისთვის უფრო მოგებიანი იქნებოდა ბირჟაზე შესყიდვა. თუ შეფასებისთვის შევადარებთ საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და ბირჟაზე ჩამოყალიბებულ საშუალო შეწონილ ფასს, ელექტროენერგიის მყიდველებმა, ჯამურად 2600.6 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვით დაზოგეს 340 000 ლარი",- აღნიშნულია ანგარიშში.
მიუხედავად იმისა, რომ ივლისის პირველი სამი კვირის განმავლობაში მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებდა მიწოდებას, ელექტროენერგიის მყიდველები არ ცვლიდნენ საფასო სტრატეგიას და მათი გადახდაზე მზადყოფნა (განაცხადით განსაზღვრული მაქსიმალური ფასი, რომლის გადასახდელად მზად იყო მყიდველი) ძირითადად უცვლელი იყო. განსხვავებით მყიდველების გადახდაზე მზადყოფნისგან, ელექტროენერგიის გამყიდველები მცირედით ამცირებდნენ ელექტროენერგიის ფასს, რაც ამცირებდა სხვაობას მყიდველების და გამყიდველების ფასებს შორის, თუმცა არ ხდებოდა მათი თანხვედრა 24 ივლისამდე.
"განაცხადის ფასების სტატიკურობის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად შეიძლება განვიხილოთ საბალანსო ელექტროენერგიის ფასის მიმართ უცვლელი მოლოდინი. როგორ პირველი კვირის ვაჭრობაში იქნა აღნიშნული, ბაზრის გარდამავალ მოდელში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი არის საორიენტაციო ბირჟაზე მონაწილეებისათვის",- წერია ანგარიშში.