საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ირაკლი გალდავა დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ირინა მილორავამ პოსტი დატოვა. ნახევარ წელზე მეტია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოვალეობას ირაკლი გალდავა ასრულებდა.
ირაკლი გალდავას აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ირაკლი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის (ენერგოეკონომიკის მიმართულება) მაგისტრის ხარისხს.
მისი კარიერა ენერგტიკის სექტორში დაიწყო ISET-ის კვლევით ინსტიტუტში 2011 წელს, სადაც ის მუშაობს მკვლევარად ენერგეტიკის საკითხებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გატარებული 6 წლამდე პერიოდის შემდეგ ირაკლი შემოუერთდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟას.
პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ირაკლი ატარებდა ლექციებსა და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და არის ავტორი სახელმძღვანელოებისა და სტატიების ენერგეტიკის დარგში. უწევდა რა ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების, შეფასება სხვადასხვა კუთხით, ირაკლიმ შეიძინა მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება როგორც ენერგეტიკის, ასევე ეკონომის სხვა სექტორების შესახებ.
ვინ ნიშნავს, საქართველოს ენერგეტიკის ბირჟის გენერალურ დირექტორს:
საქართველოს ენერგეტიკის ბირჟის გენერალურ დირექტორს ოთხწევრიანი სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს, რომელსაც გიორგი ჩიქოვანი თავმჯდომარეობს. ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ზაზა დვალიშვილი, ზვიად გაჩეჩილაძე და რევაზ ჩიკაშუა არიან.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის აქციონერი კომპანიები:
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის აქციონერი ოთხი სახელმწიფო კომპანიაა. ესენია: სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (25%), სააქციო საზოგადოება "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" (ესკო) (25%), სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ) (25%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (სგტკ) (25%).
როდის დაფუძნდა, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა:
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მისიაა, ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით, გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისათვის.