მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ პროექტებზე ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები გამოქვეყნება

კამარა  ჰესი

ენერგეტიკულ პროექტებზე ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები საჯაროდ გამოქვეყნდება - ამის შესახებ ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმიდან ხდება ცნობილი.

სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლების პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაციების გასაჯაროების ვალდებულებას იღებს, მათ შორისაა მთავრობის სხდომის ოქმების გასაჯაროება, წიაღის მოპოვების ლიცენზიების და მოპოვებული მოცულობების შესახებ.

“ელექტროენერგიის წარმოების მიმართულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროა. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის დადებული შეთანხმებების (მემორანდუმების, ხელშეკრულებების) პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას და მეტად გამჭვირვალეს გახდის მის საქმიანობას. წინამდებარე ვალდებულების ფარგლებში ერთი მხრივ, შემუშავდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს ენერგეტიკის სფეროში დადებული შეთანხმებების (და სხვა სახის დოკუმენტების) პროაქტიული გამოქვეყნების წესს, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება, წესის დაცვით, ენერგეტიკის სფეროში დადებული შეთანხმებების მარტივი ხელმისაწვდომობა,”- ნათქვამია ღია მმართველობის ეროვნულ გეგმაში.

ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები და ხელშეკრულებები წარსულში ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი (იხილეთ ინტერნეტის არიქივი - ბმული), თუმცა სამინისტროს გაუქმების და მისი ეკონომიკის სამინისტროსთვის შერწყმის შემდეგ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება შეწყდა. ამ დოკუმენტების გამოქვეყნება გეგმის თანახმად, სავარაუდოდ 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.

ღია მმართველობის ეროვნული გეგმის შესახებ:

საქართველოს მთავრობამ ოთხი წლის შემდეგ პირველად, ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. უკანასკნელი ასეთი სტრატეგია 2018-2019 წლებს მოიცავდა, მას შემდეგ კი ეროვნული სტრატეგიები არ გამოქვეყნებულა, რისთვისაც საქართველომ OGP-ის კრიტიკა დაიმსახურა.

“ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ წერილში OGP-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი აცხადებდა, რომ საქართველომ 2022 წელს დაარღვია ვადები, რაც საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები