მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, 2022 წლის მარტამდე გადავადდა

61a0bc35e69c2
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.21 14:53
1075
საქართველოში ენერეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვარს იგეგმებოდა თუმცა, როგორც ირკვევა, მისი ამოქმედება 3 თვით გადავადდება. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ბირჟას არ ექნება ის ძირითადი ფუნქცია, რაც ფასის დადგენას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბირჟის ამოქმედება თავდაპირველად 2021 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა ის 2022 წლის იანვრამდე გადავადდა. 

ბირჟის ამოქმედების გადავადებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 24 ნოემბერს მოაწერა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, თავად ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ BMG-ის განუცხადა, რომ ბირჟა 1 იანვრიდან ამოქმედდებოდა.

"ჩვენ ორივე ბაზარი ერთად უნდა გავუშვათ 1 იანვრიდან და ვინაიდან ეს ორი ბაზარი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ორივე უნდა იყოს მზად ამ პროცესისთვის.

წელს, რადგან 1 ივლისისთვის იყო ორივე ბაზრის გაშვება დაგეგმილი, აპრილიდან სატესტო ვაჭრობები დაიწყო, ოღონდ გაერთიანებულ ფორმატში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბაზრის მონაწილეები აკეთებდნენ განაცხადებს ჩვენთან ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე, ჩვენთან იხურებოდა აუქციონი, ვიღებდით ვაჭრობის შედეგებს და შემდეგ, ეს შედეგები გადაეცემოდა საბალანსო ოპერატორს, რადგან ვაჭრობის შეჯამება ხდება საბალანსო ბაზრის ოპერატორთან, სადაც ასევე თავს იყრის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგია და იქ ხდება შემდეგ უბალანსობის გაანგარიშება და საბოლოო სურათის ჩამოყალიბება," - აცხადებდა მილორავა.

მთავრობის დადგენილებაში წერია:

"2022 წლის პირველი მარტიდან ბირჟის ოპერატორის მიერ განხორციელდეს:

ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;

ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია;

გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:

ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;

ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;

ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა,"-ნათქვამია დოკუმენტში.

ინფორმაციისთვის: საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. ენერგეტიკული ბირჟა, ასევე განაწილების და მიწოდების სფეროებში საქმიანობების გამიჯვნა ამ რეფორმის ნაწილებია. ლიბერალიზაციის მიზანია, რომ ბაზარზე თავისუფალი ფასწარმოქმნის სისტემა შეიქმნას და ის სრულად მოთხოვნასა და მიწოდებაზე იყოს დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები