მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეხუთედ გადავადდა

6422ebfd73106
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.23 17:32
1178
მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადაავადა. წესით, ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ის კიდევ რამდენიმე თვით გადადო. ეს რეფორმის დაწყების მეხუთე გადავადებაა. 

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა.  რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის 1 აპრილამდე გადაიდო, მაგრამ ის კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ივლისამდე გადავადდა. 

ეკონომიკის სამინისტროს მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციაში ნათქვამია:

"საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებში - „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებასა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის N625 დადგენილებაში - ცვლილებები შევიდა.

წარმოდგენილ დადგენილებებში ცვლილება ითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის შესაბამისად, დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვებას - 2023 წლის პირველ ივლისს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევეია. პარალელურად, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ბაზრის მონაწილეების მზაობას და აღსანიშნია, რომ მათ დამატებითი დრო ექნებათ ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად.

ასევე აღსანიშნია, რომ „ენგურჰესსა“ და „ვარდნილჰესების კასკადს“ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეს საწარმოები წარმოადგენენ BSP (დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები) სტატუსის მქონე პირებს და ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების დღისთვის აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც, წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი.

სწორედ, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბაზრის ახალი მოდელი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ამოქმედდება.

ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების დანერგვას ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. ახალი ბაზრის მოდელით შეიცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი: თუ ახლა ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება. ამასთან, ბაზრის მონაწილე თავად გააკონტროლებს, რა ოდენობის ელექტროენერგია გაყიდოს, ან რა ოდენობის ესაჭიროება შესაძენად. ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟაზე განვითარდება - ყოველი საათისთვის იქნება სხვადასხვა ფასი და მაღალი კონკურენცია,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები