მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 2027 წლისთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშაა - მელიქიძე

მაია მელიქიძე

ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, რომელიც შვიდჯერ გადავადდა, შესაძლოა, კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიწიოს. ამის შესახებ BMG-სთან GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად 2027 წლის 1 ივლისის დათქმისა, რეალური ქმედებების ანგარიში და მონიტორინგი არ არსებობს, რაც სექტორში სკეპტიციზმს აჩენს.

მაია მელიქიძის განმარტებით, ბირჟა არის ინსტრუმენტი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ინვესტორებისთვის. მისი ამოქმედება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან და 2030 წლისთვის დაგეგმილ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან.

„ენერგეტიკული ბირჟის გახსნა მისცემს შესაძლებლობას ახალ ინვესტორებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წლისთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაშვებაზე, ამ პროექტს მზად უნდა დავხვდეთ. ბირჟა იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი“, - აცხადებს მელიქიძე.

მისივე შეფასებით, გადავადების პერიოდში გაწერილი ქმედებების შესრულების ხარისხი და მონიტორინგი საზოგადოებისთვის უცნობია.

„2024 წელს ბირჟის ამოქმედება სამი წლით გადავადდა, მანამდე კი, ექვსჯერ. რეალურად გამოცემულია დადგენილება, სადაც გაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებები, თუმცა მე ვერ ვხედავ ანგარიშს. არანაირი დოკუმენტი არ მინახავს, რომელიც მეუბნება, რომ პირობითად, ჩამოთვლილი რვა ქმედებიდან ორი განხორციელდა. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ბირჟა 2027 წლის პირველ ივლისს ამუშავდება, იმიტომ რომ დავალებების შესრულების მონიტორინგს ვერ ვხედავ“, - ამბობს მაია მელიქიძე BMG-სთან.

მისივე შეფასებით, ბირჟის როლი სწორედ იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ სექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ: „ბირჟამ უნდა თქვას, რომ ეს ქმედებებია განსახორციელებელი და შესრულდა ამდენი პროცენტი. მსგავსი ანგარიში არც 2024-ის და არც 2025 წლის ბოლოს არ მინახავს“.

მაია მელიქიძე ყურადღებას ამახვილებს დარგის მართვისა და აღსრულების ხარვეზებზე. მისი თქმით, ხშირად გადაწყვეტილებები კულუარულად მიიღება, რაც კომპანიებს გაურკვევლობაში ტოვებს.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის აღსრულება. დროში ვიგვიანებთ - რაც უნდა გაკეთდეს პირველ იანვარს, კეთდება პირველ მაისს” - ამბობს მაია მელიქიძე.

ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობის ფარგლებში, დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“, რომლის მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზრებზე უზრუნველყოფს გამჭვირვალე და საინვესტიციო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩამოყალიბებას.

ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები