მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკული დიპლომატიის პროცესებში საქართველო მაღალ დონეზე არ ჩანს" - მურმან მარგველაშვილი

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

"ილიაუნის" ასოცირებული პროფესორის, მურმან მარგველაშვილის შეფასებით, კავკასიის რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკული დიპლომატიის პროცესებში, საქართველოს როლი ნათლად, ჯერჯერობით, არ ჩანს. ამის შესახებ მარგველაშვილმა BMGTV-ს გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

BMG-სთან "ილიაუნის" პროფესორი ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მიერ გამართული სემინარის შესახებ საუბრობს, რომლის თემაც იყო: „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“. მურმან მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ სემინარის ფარგლებში იგეგმება ანგარიშის წარდგენა, რომელიც ამ პროცესებში საქართველოს პოზიციონირებას აანალიზებს.

"რეგიონში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური ენერგეტიკული დიპლომატიის პროცესები. მათ შორის არის ცენტრალური აზიის დაკავშირების მცდელობა ევროკავშირთან, ასევე აზერბაიჯანის ძალიან აგრესიული მარკეტინგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდებაზე, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი განიხილება განახლებადი ენერგიის განვითარება (პირველი რეალისტური პროექტი, რომელიც ჩვენი სახელმწიფო ენერგოსისტემის მიერ იყო დაფინანსებული, კარგად არ არის საერთაშორისო ასპარეზზე გატანილი და ხშირად აზერბაიჯანი იძახის, რომ პროექტი მათია), ასევე, შუა აზიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა განახლებადი წყალბადის პროექტებზე.

ამ აქტიურ დუღილში ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით მაღალ დონეზე არ ჩანს, იმიტომ რომ ხელშეკრულებაში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის, რომლის მიხედვითაც საქართველოს გავლით უნდა მოხდეს გაზის გატარება, და წყალბადიც არის ნახსენები, ჩვენი წარმომადგენელი არ ჩანს. ცოტა ნაკლულობის შეგრძნებას ტოვებს - ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ანალიზი, თუ რა შესაძლებლობებია დარგში. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული დიპლომატია ხშირადაა რეალისტიკას მოკლებული, ანალიტიკური საფუძველი ნაკლები აქვს. ამიტომ გვსურს, ერთი მხრივ, გავერკვეთ რა ხდება და, მეორე მხრივ, გამოვკვეთოთ ჩვენი როლი, რომ გააქტიურების საშუალება გაჩნდეს", - განმარტავს მარგველაშვილი.

"ილიაუნის" პროფესორი აღნიშნავს, რომ რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს როლი უფრო დაბალია, რადგან ქვეყნის ინტერესები ეროვნულ დონეზეც არ არის გაწერილი. მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ დარგის განვითარება გაცილებით დაბალ დონეზეა, ვიდრე, მაგალითად, მეზობელი აზერბაიჯანის.

"რეგიონალურ პროექტებში და სემინარებსა და კონფერენციებში ჩვენც ვმონაწილეობთ. თუმცა, მაგალითად აზერბაიჯანს შეუდარებლად უფრო მეტი ყურადღება აქვს დათმობილი ანალიტიკური სამეცნიერო უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო დონეზე, იქნება ეს ბრიუსელი, ჰააგა თუ სხვა. ყველგან ჰყავთ თავიანთი ექსპერტები და წარმომადგენლები, რომლებიც აზერბიაჯანის ინტერესებს იცავენ. ჩვენ ამ მხრივ ბევრად ჩამოვრჩებით, რაზეც სამუშაო გვაქვს.

წინასწარ შეგვიძლია, საექსპერტო დონეზე ჩამოვყალიბდეთ ჩვენს შეხედულებებზე, ხედვებზე, პროექტების პირობებზე, გამოვკვეთოთ ქვეყნის ინტერესები და მათი ობიექტური დაცვის გზები - ეს სამუშაო არის გასაძლიერებელი. და, ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების ანალიტიკური უზრუნველყოფა, ენერგეტიკაში ყოველ შემთხვევაში, ძალიან გასაძლიერებელია", - აცხადებს მარგველაშვილი.

მურმან მარგველაშვილმა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის საჭირო ექსპერტიზის არსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად პარლამენტში მოქმედი ექსპერტების საბჭოსა, კანონმდებლები გადაწყვეტილებებს მათ დასკვნებზე დაყრდნობით არ იღებენ.

"პარლამენტს აქვს ექსპერტების საბჭო, რომელსაც ხანდახან ეკითხებიან აზრს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გადაწყვეტილებებს საბჭოს დასკვნებზე დაყრდნობით იღებენ. გადაწყვეტილებების უმრავლესობა იღება მოკლევადიან ვიწრო ხედვებზე დაყრდნობით. ის რომ გრძელვადიანი ხედვა, ინტერესები, საფრთხეები და შესაძლებლობები ჩამოვაყალიბოთ - არა. მარტივი მაგალითია, რომ არ გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია, რისკების ანალიზი… რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, აქ გვქონდა ძალიან საინტერესო პროექტი, თუმცა ის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავდა და სადაც ოპერატიული საქმეებია გასაკეთებელი, იქ მეტ-ნაკლებად კარგად მიდის საქმე, სტრატეგიულ მიმართულებებში გვიჭირს", - განმარტავს მურმან მარგველაშვილი.

ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი სემინარის მეორე ნაწილს, რომელიც ანალიზის შედეგებისა და მიგნებების წარდგენას დაეთმობა, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები